ბუ და ბუხრინწები კოჯრის ტყეში დააბრუნეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავსა და თერჯოლაში მოქალაქეების მიერ უმწეო მდგომარეობაში ნაპოვნი ფრინველები გადაარჩინეს. ვეტერინარული დახმარებისა და რეაბილიტაციის შემდეგ ბუ და „წითელი ნუსხით“ დაცული სამი ბუხრინწა ბუნებრივ გარემოს დაუბრუნეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა რუსთავში ნაპოვნი ბუ და თერჯოლის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი სამი ბუხრინწა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს.
ზოოპარკის თანამშრომლებმა ფრინველებს ვეტერინარული დახმარება გაუწიეს. გამოჯანმრთელების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი კოჯრის მიმდებარე ტყეში, ბუნებრივ არეალში დააბრუნეს.
„მიუხედავად იმისა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი და დაზიანებული ფრინველების მოვლა-პატრონობა არ არის დეპარტამენტის მოვალეობა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, პერიოდულად გვიწევს მათი ზოოლოგიურ პარკში გადაყვანა. რეაბილიტაციის გავლისა და საბოლოო გამოჯანმრთელების შემდეგ გადარჩენილი ფრინველები უბრუნდებიან ველურ ბუნებას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ქურციკაშვილმა.