გაზის გაჟონვით გამოწვეული ტრაგედიების პრევენციას სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს - DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს და სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული კონტროლის გაძლიერების აუცილებლობას.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. ტრაგედიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
DRI-ის შეფასებით, მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მსგავსი ტრაგედიების პრევენციის, უსაფრთხოების კონტროლისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესაბამისმა მარეგულირებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ საცხოვრებელ კორპუსებში გაზის შიდა ქსელების რეგულარული და ეფექტიანი შემოწმება, მოძველებული ინფრასტრუქტურის კონტროლი, უსაფრთხოების ნორმების აღსრულება და მოსახლეობის სათანადო ინფორმირება.
„მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ განხორციელებული ღონისძიებებით. სახელმწიფო და ყველა პასუხისმგებელი უწყების მთავარი ამოცანა უნდა იყოს საფრთხეების წინასწარი გამოვლენა, მათი თავიდან არიდება და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.
ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში სათანადო პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, მოქალაქეებს სახიფათო გარემოში უწევთ ცხოვრება და ტრაგედიიდან ტრაგედიამდე უწევთ მოცდა.