მსოფლიო
აფგან მუხთარლი 2 დღით აზერბაიჯანული ციხიდან გაათავისუფლეს
თბილისში გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დროებით ციხიდან გაათავისუფლეს. გამოცემა Haqqin.az-ის ინფორმაციით, მუხთარლის მისცეს საშუალება, ზაქათალაში დის, დისშვილისა და ძმისშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებებს დაესწროს.
აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალურ სამსახურში გამოცემას განუცხადეს, რომ მუხთარლი გამონაკლისის სახით „ჰუმანიზმის პრინციპებიდან“ გამომდინარე გაუშვეს ზაქათალაში.
აფგან მუხთარლის დროებითი გათავისუფლების ამბავი დაადასტურა მისმა კოლეგამ ხადიჯა ისმაილოვამ.
„აფგან მუხთარლის სამი ნათესავის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე დასწრების უფლება მისცეს. მე ზაქათალაში ვიმყოფები, რომ ვუთხრა, როგორ ენატრება ის მეგობრებს და კოლეგებს“, - დაწერა ისმაილოვამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ისმაილოვამ აღნიშნა, რომ მუხთარლი ოჯახის წევრებთან ორი დღის განმავლობაში დარჩება.
მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები გასული წლის 31 დეკემბერს იპოვეს. მათი სიკვდილის სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სახლში კიდევ ერთი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც გადარჩა.
აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ანა მებურიშვილი