კონფლიქტის ზონა
აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მომზადებული რუკების დამზადება, დაბეჭდვა, გავრცელება, ექსპორტი/იმპორტი და რეკლამირება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.
შესაბამის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წარუდგენს.
დეპუტატის თქმით, რუკების მსგავსი სახით მომზადება და გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია და მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაა საჭირო. სესიაშვილის განცხადებით, რუკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით გამოსახვასთან დაკავშირებით სანქციებზე დეპუტატები იმსჯელებენ, სავარაუდოდ მსგავსი დარღვევის ჩამდენი ჯარიმას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას დაექვემდებარება.
სანქციებს დაექვემდებარებიან ის უცხოური კომპანიებიც, რომლებიც მსგავს რუკებს დაამზადებენ, მათ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა შეეზღუდებათ.