პოლიტიკა
ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემით ისარგებლებს 30-მდე საჯარო უწყების თანამშრომელი, რომლებიც ჩართულნი არიან ასოცირების შეთანხმების ანგარიშების მომზადებაში, მონიტორინგსა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში.
საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში შეიყვანონ მონაცემები სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს შეცდომების მინიმიზაციას და უწყებათა შორის ეფექტიან კოორდინაციას.
სისტემა 2017 წლის იანვრიდან ამუშავდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თვალი ადევნონ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესს სპეციალური ვებ-პორტალის მეშვეობით.
ელექტრონული მონიტორინგის სისტემა შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი ინიციატივის-„მმართველობის რეფორმის ფონდი“ ფარგლებში.
ღონისძიება გახსნეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოში შვედეთის ელჩმა მარტინა ქუიკმა და გაეროს განვითარების პროგრამის პროგრამების ხელმძღვანელმა ნათია ნაცვლიშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.