პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის
ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონის შესახებ 3-პუნქტიანი ინიციატივა წარადგინა.
პარტიის წევრის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ენმ-ის მიერ შემოთავაზებული უწყება უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ პარლამენტს.
„უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე, რომელიც უზრუნველყოფს ფარულ მოსმენებს კანონის ფარგლებში. მთელი ტექნიკური მოწყობილება, რომელიც ფარული მოსმენებისთვისაა საჭირო, იქნება განთავსებული ამ უწყებაში“, - განაცხადა ბიბილაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ენმ-ის ინიციატივის თანახმად, ამოქმედდება ორი გასაღების პრინციპი.
„უნდა იყოს ორი გასაღების პრინციპი, ერთი გასაღები უნდა იყოს ამ სტრუქტურის ხელში, მეორე- სასამართლოს ხელში, მხოლოდ ორი გასაღების ჩართვის პირობებში შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ ადამიანის ფარული მიყურადება“, - თქვა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილის განცხადებით, მესამე პუნქტი უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას.
„მესამე და ყველაზე მთავარი პუნქტი, ომბუდსმენსა და ორ დეპუტატს, ერთს უმრავლესობიდან, ერთს ოპოზიციიდან, უნდა ჰქონდეთ ფარული მიყურადების მონიტორინგის შეუზღუდავი შესაძლებლობა. დღის ნებისმიერ მონაკვეთში მათ უნდა შეეძლოთ როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი დოკუმენტაციის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს ფარულ მოსმენებს. ეს არ ნიშნავს შინაარსობრივ წვდომას, თუმცა, ასევე, გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელი უნდა იყოს წვდომა ფარული მოსმენების შინაარსთან. ეს სტრუქტურა, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ისე, რომ სახლმწიფოს ინტერესები არ იყოს დარღვეული.
როგორც ბიბილაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ენმ ამ საკითხთან დაკავშირებით მზადაა, გამართოს კონსულტაციები ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან.
ანა მებურიშვილი