კომენტარი
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ძალიან საინტერესო ვარიანტია შემოთავაზებული - ნინო გვენეტაძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შეფასებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ საინტერესო ვარიანტია შემოთავაზებული.
საუბარია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სუს-ის დაქვემდებარების ქვეშ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
“მოგეხსენებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს მართლმსაჯულებას გარკვეული ზედამხედველობის ფუნქცია და პასუხისმგებლობა გააჩნია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც გაჟღერდა. შეხვედრაზე ძალიან კარგად მოვისმინე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, ასევე ის ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა წარადგინა. ჩვენ, სასამართლო, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ და საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებთ“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი