პოლიტიკა
პარლამენტის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაიყო
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ ფრაქციებიდან იმ დეპუტატების გადანაცვლება მოხდა, რომლებიც პარტიის სხვადასხვა გუნდის წევრები არიან.
თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე ორი ფრაქცია ექნება, თუმცა ისინი სამკაციანი დეპუტაციით იქნებიან წარმოდგენილი.
ერთ ფრაქციას, რომელსაც კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწოდება, ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, ხოლო მეორე ფრაქციას, რომლის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია - მამუკა ახვლედიანი.
რაც შეეხება სევდია უგრეხელიძეს, შესაძლოა, იგი არც ერთ ფრაქციას არ შეუერთდეს და დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩეს.
საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი კვლავ თბილისში „ქართული ოცნების“ მმართველობასთან ბრძოლა იქნება.
„საკრებულოში ისევ შენარჩუნდება ორი ფრაქცია. სამი ადამიანი რჩება იმ ფრაქციაში, რომელიც გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას, სამი ადამიანი ვართ მეორე ფრაქციაში. საკრებულოს მუშაობისთვის სამი ადამიანია საკმარისი, რომ ფრაქციამ იფუნქციონიროს. ყრილობის მერე უკვე აქტიურად დავიწყებთ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, იმიტომ, რომ ნარმანიასა და „ქართული ოცნებას“ მმართველობა თბილისში დავასრულოთ“,-აღნიშნა დათუკიშვილმა.
მამუკა ახვლედიანის თქმით კი, მისი ფრაქცია ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდს უჭერს მხარს.
„ერთი ფრაქცია დარჩება ნაციონალური მოძრაობის სახელით, ხოლო მეორე ფრაქცია, რომლის თავმჯდომარე მე ვარ, იქნება იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც გუშინ განაცხადი გააკეთა პარტიის გაყოფასთან დაკავშირებით. ბრძოლის მიზანი არის ერთი, ეს არის თბილისის კეთილდღეობა, თბილისის წინსვლა“,-აღნიშნა ახვლედიანმა.
ორივე ფრაქციის ერთობლივი სხდომა 16 იანვარს ჩატარდება.
ამ დღეს ფრაქციები ოფიციალურად მიმართავენ საკრებულოს გაყოფასთან დაკავშირებით, ასევე ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რა დაერქმევა მამუკა ახვლედიანის ფრაქციას.
მონიკა დავლაინიძე