პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ კონსტიტუციის სახალხო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს
„პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო სახალხო განხილვების კომისიაში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პროცესში იმიტომ ჩაერთვებიან, რომ ამხილონ „მდინარაძეების, თალაკვაძეების და კობახიძეების საპარლამენტო ხელისუფლება“.
„ხელისუფლებამ ჯერ დაიწყო ბონუსზე ლაპარაცი, მერე ჩვენი ზეწოლის შედეგად, ვენეციის კომისიის ზეწოლის შედეგად ბონუსის თემის უკან წაღება გადაწყვიტა და ეხლა შემოდის ინიციატვით, რომ ეს ბონუსი გაუქმდეს. ძალიან კარგია, რომ თქვენი ტვინი ამას მიხვდა.
იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო განხილვები, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა, იყო სპექტაკლი და ფარსი. ვამბობ საჯაროდ და ღიად, რომ მივიღებ მონაწილეობას საჯარო განხილვების ამ პროცესში, იმიტომ რომ ვამხილო მდინარაძეების, თალაკვაძეების და კობახიძეების საპარლამენტო ხელისუფლება. ისინი ცდილობენ მთელი ქვეყანა ხელში ჩაიგდონ და არიან არსაიდან მოსული ხალხი. მე მათი არც ბრძოლა მახსოვს, არც რეჟიმთან დაპირისპირება, არც სიმამაცე და არც ვაჟკაცობა და ეხლა ვნახოთ ვინ როგორი ვაჟკაცი ხართ“, -აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას „ევროპული სა ქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, ლიდერთა საბჭოში შემავალი პარტიები არ მიიღებენ.
მონიკა დავლიანიძე