პოლიტიკა
საქართველოს მოწყობის პირობებში კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევამ შეიძლება, საფრთხის წინაშე დაგვაყენოს - გიორგი კახიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის შეფასებით, ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა, რომ პრეზიდენტი სპეციალურმა 300-კაციანმა კოლეგიამ შეარჩიოს, საქართველოში შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.
„მე, მაგალითად, ამ მოდელის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. შესაძლოა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელოთ, უბრალოდ გამოჩნდა ერთი პრობლემა, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც კრებების ან კოლეგიების მიერ ხდება პრეზიდენტის არჩევა, ეს უკავშირდება ამ სახელმწიფოების ტერიტორიული მოწყობის საკითხს. როგორც წესი, ესაა ფედერალური ან რეგიონალური მოწყობის სახელმწიფოები. ისეთი მოწყობის სახელმწიფო, როგორც საქართველოა, შეიძლება, ამ არჩევის წესმა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს“, - თქვა კახიანმა.
ხმალაძის ინიციატივის თანახმად, პრეზიდენტს ირიბი წესით აირჩევს არა მარტო პარლამენტის 150 დეპუტატი, არამედ ასევე აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოებისა და საკრებულოთა გაერთიანებების 150 დელეგატი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და არჩევის წესის შესახებ იმსჯელეს.
ანა მებურიშვილი