პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს
თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიასთან“ საუბარში თქვა.
„სასამართლოში შევიტანთ სარჩელს, დღეს ამაზე მუშაობს შტაბის უფროსი და წასულია თბილისში“, -თქვა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით მეჭიაური ერთი ხმით უგებდა თავის ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ ლელა ქიტესაშვილს, თუმცა ბათილი ბიულეტენების გადათვლისას კომისიამ 5 შემოხაზული ბიულეტენი ნახა, სადაც მითითებული იყო ქიტესაშვილი. ეს ხმები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ჩაუთვალეს და გამარჯვებულად გამოაცხადეს.
მეჭიაურის მტკიცებით, ბიულეტენები ცარიელი იყო.
„ამ კონვერტებში, ბათილებში იყო ცარიელი ბიულეტენები, ანუ ვიღაცა მივიდა და ცარიელი ჩააგდო, არ შემოხაზა“, -აღნიშნა მეჭიაურმა.
თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ცალუღელაშვილმა ხმების გაყალბების ფაქტი უარყო. მისი თქმით, ბათილი ბიულეტენების გახსნისა და გადათვლის პროცესს ყველა პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„კომისიის სხდომას ესწრებოდა ყველა პარტიის წარმომადგენელი, ვინც კი რეგისტრირებული იყო თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში და კომისიის შემადგენლობის სრული უმრავლეოსობა. ბათილი ბიულეტენების გახსნისა და გადათვლისას აღმოჩნდა, რომ მათში იყო შერეული ნამდვილი ბიულეტენები, 5 ეგზემპლარი, რომლებიც ეკუთვნიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს“, - განაცხადა ცალუღელაშვილმა.
ცესკოს მონაცემებით, ქიტესაშვილმა ამომრჩეველთა 50.03%-მა ( 3.081 ხმა) დაუჭირა მხარი, რაც 4 ხმით მეტია მეჭიაურის შედეგზე - 49.97% (3.077 ხმა).
ანა მებურიშვილი