ეკონომიკა
თამბაქოს მაფია - ხელისუფლებამ თუთუნის ბაზარზე ვანო ჩხარტიშვილი მონოპოლისტი გახადა
21 ნოემბრიდან საქართველოში თუთუნის რეალიზაცია აქციზური მარკის გარეშე იკრძალება. ფინანსთა სამინისტრომ კი აქციზური მარკები თუთუნის იმპორტიორების ერთ ნაწილს მისცა.
ამჯერად ხელისუფლებამ დახურვისთვის თამბაქოს იმპორტიორი ფირმები - „კარდუ“ და „ომეგა მოტორ ჯგუფი“ გაწირა.
„ომეგა ჯგუფში“ ამბობენ, რომ ამით ხელისუფლებამ ბაზრის მონოპოლისტად აქცია ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენად ცნობილი ვანო ჩხარტიშვილის კომპანია „პირველი“.
რატომ არ აძლევენ აქციზურ მარკებს თუთუნის იმპორტიორ კომპანიებს და ხელოვნური ბარიერებით რატომ გახდა მონოპოლისტი ვანო ჩხარტიშვილი? - ამ კითხვას „მთავარ არხს“ სამინისტროში არ პასუხობენ და ამბობენ რომ „კარდუს“ და „ომეგა მოტორ ჯგუფს“ აქციზური მარკები დავალიანების გამო არ მისცეს.
ირკვევა, რომ მაჭავარიანის უწყებამ მედიის მოტყუება სცადა, რადგან დოკუმენტებით ჩანს, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ზემოთ აღნიშნულ თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებს დავლიანება საერთოდ არ აქვთ და მათ ხელოვნურ ბარიერს უქმნიან.
თამბაქოს ჯიხურების გამყიდველები ადასტურებენ, რომ აქციზური მარკების შემოტანის შემდეგ მათ სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მეტი თუთუნი „პირველის“ ქარხნიდან შედის და სხვა მიმწოდებლები მუშაობას პრაქტიკულად ვერ ახერხებენ.
ირკვევა ისიც, რომ „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს იმპორტიორი კომპანიების გარდა, ხელისუფლებამ აქციზური მარკები არ მისცა ბაზრის ლიდერს - „ბესტ ტობაკოსაც“, რის გამოც ფირმის საქმიანობა შეჩერებულია.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფინანსთა სამინისტრო ზაზა ოქუაშვილის კომპანიებთან დაკავშირებით ჯერ უცნობია, თუმცა სამინისტროს განცხადებიდან სავარაუდოა, რომ უწყება საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.