Medianews
    GEOENG
    Conflict Zone
    2026-03-19 | 11:17

    ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

    ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

    ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

    „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე  ემზარ ბაღიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ოფიციალური უწყებების განცხადებებით ირკვევა რომ ბაღიშვილის ბრალად ედება „რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში“.

    აღნიშნული ბრალდების მიუხედავად, ე.წ. უშიშროების სამსახურს ამ დრომდე არ წარმოუდგენია  რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ბრალეულობას.

    ბოლო წლებში, „ჯაშუშობის“ ბრალდებით ეთნიკურად ქართველების დაკავება აფხაზეთში დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. 2025 წლის   1 ოქტომბერს მსგავსი ბრალდებით გალის რაიონის მკვიდრი შალვა ხიზანიშვილი დააკავეს. ამავე მოტივით 2022 წლიდან დღემდე კიდევ 2 ადამიანია დაკავებული. აღსანიშნავია, რომ არცერთ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საჯაროდ არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუმცა ყველა დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა.

    ე.წ. აფხაზეთის უშიშროების სამსახური “ჯაშუშების” გამოვლენის ბრალდებით დაკავებების მანკიერი პრაქტიკა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რომელიც მიმართულია ნებისმიერ სოციალურ-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე კრიტიკული აზრის გამოთქმის ჩასახშობად.

    ქართული მხარის მხრიდან რეაგირება ამ შემთხვევებზე ძირითადად ცხელი ხაზის გააქტიურებით შემოიფარგლება, რაც არსებული პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით არასაკმარისია.

    DRI  მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს:

    • უზრუნველყონ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებისთვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება;

    • უკანონოდ დაკავებული პირების უფლებების დასაცავად და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტები,“- აღნიშნულია განცხადებაში.