Politics
    2026-04-02 | 10:04

    ევროკავშირის შექმნის იდეა დაფუძნებული იყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებით, სამაგალითო ქვეყანა არის სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს - მიხეილ ყაველაშვილი

    ევროკავშირის შექმნის იდეა დაფუძნებული იყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებით, სამაგალითო ქვეყანა არის სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს - მიხეილ ყაველაშვილი

    ევროკავშირის შექმნის იდეა დაფუძნებული იყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე. ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებით. სამაგალითო ქვეყანა არის სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

    ყაველაშვილის თქმით, საქართველოს სურვილია, გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა დაცული უნდა იყოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი.

    „ევროკავშირის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. ორივე ქვეყანა დიდ პატივს ვცემთ საერთო ღირებულებებს. ევროკავშირის შექმნის იდეა იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემაზე. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებით. საქართველო ერთგულია ღირებულებების. ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანა არის სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს. ჩვენი ხალხიც იმედიანად შესცქერის სლოვაკეთის პოზიციონირებას ევროკავშირში, რადგან კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა დაცული უნდა იყოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

    ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მზად არის ევროკავშირთან კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის.

    „ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება. ყოველთვის მზად ვართ სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა, თუმცა არის ქვეყნების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც იმედს გვაძლევენ. სლოვაკეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ეს პრინციპები აქვს. საქართველოს მათი მხრიდან მუდმივად აქვს მხარდაჭერა, რაც ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.