Society
    2026-05-07 | 11:32

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

    ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    „კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

    სამი მღვდელმთავარი, რომელმაც სინოდზე ხმათა უმრავლესობა მიიღო, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.

    ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.

    კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს.