social media
    2026-05-22 | 18:54

    მთავარ პრობლემად სწორედ ხელისუფლების განსაცვიფრებელი არაადეკვატურობა და შეთქმულების თეორიებით გატაცება მიმაჩნია - დავით ზურაბიშვილი

    მთავარ პრობლემად სწორედ ხელისუფლების განსაცვიფრებელი არაადეკვატურობა და შეთქმულების თეორიებით გატაცება მიმაჩნია - დავით ზურაბიშვილი

    ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “ილიაუნის სტუდენტების მოწოდებაზე რომ ორ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი აგროვდა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის, ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალი იქნებოდა და მთავრობა აუცილებლად გადადგამდა ნაბიჯებს ამ მიმართულებით - შექმნიდა სპეციალურ ფონდს, მოუწოდებდა ბიზნესს დონაციისკენ, დაიწყებდა მოლაპარაკებას შესაბამისი მედიკამენტების გამომშვებ ფარმაცევტულ კომპანიებთან (და არა "მაფიასთან," როგორც ეს ირაკლი კობახიძემ თქვა ოცნების კონსპირაციების საფირმო სტილში) და ა. შ. პრინციპში ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ ადეკვატურ ხელისუფლებას, დემოკრატიული იქნებოდა იგი თუ ავტორიტარული. და სტუდენტების ინიციატივის შედეგად რასაც ვხედავთ, ამის მერე ხომ ულაპარაკოდ.

    მე პირადად აქ მთავარ პრობლემად სწორედ ხელისუფლების განსაცვიფრებელი არაადეკვატურობა და შეთქმულების თეორიებით გატაცება მიმაჩნია. არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა სერიოზულად ფიქრობდეს, რომ ეს თანხა სინამდვილეში დიფსთეითის გადახდილია ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით და სტუდენტებს ოდენ შირმად იყენებენ. უფრო მეტიც, არც იმას გამოვრიცხავ, ეს სიგიჟე ხმამაღლა თქვან, ან სულაც ზაზა შათირიშვილს დააწერინონ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ერთგვარად დავასწარი.

    თუმცა, ეს ის შემთხვევაა, რომ თუ შევცდი და ხელისუფლებამ ადეკვატურობა გამოავლინა, მხოლოდ მოხარული ვიქნები ამის გამო”.