Commentary
    2026-05-28 | 11:16

    ნინო წილოსანი გორში მომხდარ ფაქტზე: საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, როგორი მკაცრი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი ფაქტების მიმართ, ასეთი ფაქტები შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს

    ნინო წილოსანი გორში მომხდარ ფაქტზე: საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, როგორი მკაცრი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი ფაქტების მიმართ, ასეთი ფაქტები შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს

    სახელმწიფოს რეაგირება არის სამართლებრივი და 6 პირია დაკავებული – ასეთი ფაქტები შეიძლება ყველგან მოხდეს, დანიასთან მიმართებით პრობლემა იყო ის, რომ ჩვენგან განსხვავებით, არავინ დაგმო ეს ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

    მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ცდილობს, თავისი დანაშაულებრივი შავი ლაქა სხვას დააბრალოს, თუმცა ეს იყო ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მაგვარი სახელმწიფოს არც ახსოვს და ალბათ არც ეყოლება.

    „გორში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება და პასუხი ჰქონდა, ეს ვფიქრობ, მყისიერად ნახა საზოგადოებამ. იმავე დღეს დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, მეორე დღეს კი ექვსი პირია დაკავებული. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორად აღწერს, რომ გადაცდომა იქნება თუ ნებისმიერი პირის მხრიდან ჩადენილი გარკვეული სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისად იქნება პასუხგაცემული. თუმცა, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი და წარმოუდგენელი სიგიჟეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცით ცდილობს საკუთარ ხელისუფლებას ან საკუთარ მმართველობასთან გაავლოს პარალელი. ეს იყო მოძალადე რეჟიმი, რომლის მმართველობის დროს სადღაც 150-მდე ადამიანი ჰყავდათ ქუჩაში მოკლული და თავისი დანაშაულებრივი ხელისუფლების პერიოდში კიდევ გაცილებით მეტი ნაცემი და დასახიჩრებული. წარმოუდგენელი ფაქტები ვიცით მათ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თავისი დანაშაულებრივი, შავი ლაქა სხვას დააბრალონ ან მიაწერონ, თუმცა ეს არის დანაშაულები, რომელიც არავისთან არ შეიძლება რომ პარალელი გაავლოს. ეს იყო ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მაგვარი სახელმწიფოს არც ახსოვს და ალბათ არც ეყოლება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

    კითხვაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება საკმარისი, წილოსანმა უპასუხა, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა როგორი მკაცრი რეაგირება აქვს სახელმწიფოს მსგავსი ფაქტების მიმართ.

    „სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არის სამართლებრივი და შესაბამისად ექვსი პირია დაკავებული. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა, როგორი მკაცრი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი ფაქტების მიმართ. ასეთი ფაქტები შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს. დანიასთან მიმართებით პრობლემა იყო ის, რომ ჩვენგან განსხვავებით არავინ არ დაგმო ეს ფაქტი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.