Politics
    2026-07-01 | 14:42

    ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული საქართველოსა და საქართველოს მომავლის წინაშე, რასაც „ოცნება“ ჩადის, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახია - თაზო დათუნაშვილი

    ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული საქართველოსა და საქართველოს მომავლის წინაშე, რასაც „ოცნება“ ჩადის, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახია - თაზო დათუნაშვილი

    „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. განათლების რეფორმა 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების დაწესებითა და სასკოლო წიგნების ყდების შეცვლით დაიწყო, ხოლო საქართველოს ისტორიის გადაწერით აგრძელებს.

    როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება სასკოლო ფორმების ჩინეთში შეკერვას გეგმავს, მაშინ როცა, მისი თქმით, საქართველოში მოქმედებენ ტექსტილის საწარმოები, რომლებიც საერთაშორისო ბრენდებისთვის აწარმოებენ პროდუქციას.

    მისივე შეფასებით, ადგილობრივი წარმოების წახალისების ნაცვლად, ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანოა და აღნიშნული ფინანსური რესურსი ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარებოდა.

    “ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ნაცვლად, „ოცნებამ“ მილიონობით დოლარის ღირებულის კონტრაქტს ჩინურ ერთკაციან კომპანიას უფორმებს. იმ ფონზე, როცა ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში წლებია ოპერირებენ ქართული კომპანიები, რომლებიც ტექსტილში არიან საუკეთესოები მთელს ევროპაში და კერავენ Puma-სთის, Nike-სთვის, Adidas-ისთვის, Moncler-ისა და ა.შ. ამ თანხის ჩინურ კომპანიაში გაშვება არის უბრალოდ ეკონომიკური დანაშაული „ქართული ოცნების“ მხრიდან.

    ამ მასშტაბის ფინანსური რესურსები ქვეყნის ამ ინდუსტრიაში ძალიან დიდ განვითარებას მოიტანდა და დამატებით ასობით საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა“, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

    დათუნაშვილის თქმით, ხელისუფლების ინიციატივის მიხედვით, სასკოლო ფორმების შეძენის ხარჯის გაწევა მოსწავლეების ოჯახებს მოუწევთ.

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, განათლების სისტემაში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ აკმაყოფილებს, ხოლო PISA-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსწავლეები წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით დაბალ პოზიციებზე არიან.

    დათუნაშვილის განცხადებით, ფინანსური სირთულეების გამო მოსწავლეების ნაწილს სასკოლო პერიოდში კვებაზე ხელი არ მიუწვდება, ბევრს კი არ აქვს აუცილებელი სასწავლო ინვენტარის შეძენის შესაძლებლობა. მისივე თქმით, 2022-2025 წლებში ემიგრაციის გამო სწავლა 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა.

    მისი შეფასებით, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება სკოლების რეაბილიტაცია, რის გამოც ათასობით მოსწავლეს საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ სკოლებში უწევს სწავლა.

    „აი, ასე გამოიყურება საშუალო განათლება „ქართული ოცნების“ პირობებში და მათ გადაწყვიტეს, რომ თურმე რეფორმის საგანი უნდა იყოს ის, თუ როგორ ჩაიცვამენ ჩვენი შვილები... ეს სამარცხვინო რეალობა აუცილებლად შეიცვლება და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული საქართველოსა და საქართველოს მომავლის წინაშე, რასაც „ოცნება“ ჩადის, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახია“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.