საბაჟო-გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით ყოველ ერთეულ შემთხვევაში 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი.