Politics
    2026-07-14 | 16:09

    ივანიშვილის ე.წ. მშვიდობა დიდ უბედურებას მოასწავებს, რომ მივხვდეთ ამას, გადავხედოთ ისტორიას - მიხეილ სააკაშვილი

    ივანიშვილის ე.წ. მშვიდობა დიდ უბედურებას მოასწავებს, რომ მივხვდეთ ამას, გადავხედოთ ისტორიას - მიხეილ სააკაშვილი

    ივანიშვილის ე.წ. მშვიდობა დიდ უბედურებას მოასწავებს. რომ მივხვდეთ ამას, გადავხედოთ ისტორიას. საქართველოს ისტორია სხვა არაფერია, თუ არა მრავალი მცდელობა სახელმწიფოს შექმნის, დამპყრობლებისგან გათავისუფლების და დასავლეთთან კავშირის და გამოცდილების გადმოღების კუთხით, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

    „გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ალიანსი ჯვაროსნებთან, გელათის აკადემიის გახსნა, სახელმწიფოს მშენებლობა. მე დავითზე ავიღე თავიდანვე სწორება, მის საფლავზე დავდე ფიცი. დავითი იყო უდიდესი მმართველი, მაგრამ მას ბედმა გაუღიმა, რომ ჰქონდა დრო იმის გამო, რომ მოუწია მეფობა თურქ-სელჩუკების იმპერიის დაშლის პერიოდში და მაინც 32 წელი დასჭირდა თბილისის ასაღებად. ჩვენ არა მხოლოდ საქართველო გვაქვს დასაბრუნებელი, არამედ სოხუმი გვაქვს გასათავისუფლებელი. ჩემი მმართველობა სულ ცოტათი ასცდა ელცინის დროს, რუსეთის უკიდურეს სისუსტეს. მაშინ რომ მომესწრო პრეზიდენტობა, შევარდნაძის ნაცვლად, საქართველო არ დაკარგავდა აფხაზეთის კონტროლს (მახსოვს 1999 წელს რუსეთის უკიდურესი სისუსტის დროს გალის ამბები) ან აღიდგენდა მას და ჩვენ უკვე სინგაპური ვიქნებოდით, ოღონდ ევროკავშირის წევრი სინგაპური.

    ლი კუან იუსაც ჩემგან განსხვავებით ბედმა გაუღიმა და სინგაპური განვითარდა ჩინეთის სისუსტის და იზოლაციონიზმის ფონზე. აბა დღევანდელი ჩინეთის პირობებში მას განვითარება და საერთოდ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა.

    თამარმა გააგრძელა დავითის კურსი. გაჩნდა ინგლისის მაგნა კარტას მსგავსი პოლიტიკური პროცესი და ევროპული ადრეული აღორძინების ხანის მსგავსი კულტურული პროცესი, რომლის მწვერვალი იყო ვეფხისტყაოსანი. თამარმა გახსნა იყალთოს აკადემია, ჯვაროსნებთან ერთად კოორდინაციაში დააფუძნა „ტრაპიზონის იმპერია“.

    აქაც დააკვირდით, მეც გავხსენი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც მოკეტეს ივანიშვილმა და რუსებმა. მეც ჩავატარე განათლების რეფორმა, როგორც დავითმა და როგორც თამარმა და ახლა ამას სპობენ ივანიშვილი და რუსები. ზუსტად ასევე გიორგი ბრწყინვალემაც, როგორც კი გაყარა მონღოლები, ეგრევე კათოლიკური კათედრა შემოიტანა თბილისში, ამ კათოლიკე მისიონერებს ზუსტად როგორც ჩემს ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს უნდა შემოეტანათ ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია ქვეყანაში. გიორგი ბრწყინვალემ შექმნა დეტალური საკანონმდებლო აქტები ქვეყანაში, სახელმწიფო ინსტიტუციების და სახელმწიფო აპარატების შექმნის. მანაც მოიწვია უცხოელი მრჩევლები დასავლეთიდან ისევე როგორც მე.

    ვახტანგ მეექვსე იყო ალბათ ყველაზე დიდი მოდერნიზატორი და ყველაზე დაუფასებელი მმართველი. მისი კანონთა კოდექსი ყველაზე პროგრესული იყო ევროპაში. ვახტანგმა დაიწყო წიგნთა ბეჭდვა და უდიდესი როლი შეიტანა ქართველების კოლექტიური მეხსიერების შექმნაში. თარგმნა უცხოური სამეცნიერო ნაწარმოებები.

    ერეკლემ მიმართა გლეხებს გადააგდეთ თოხი, სპილენძის და ოქროს საწარმოს ვხსნი, ისწავლეთ წარმოება და ხელფასს მოგცემთო. ეს იყო საქართველოში ინდუსტრიალიზაციის შემოტანის პირველი მცდელობა. ერეკლეს მოდერნიზაციაში ქართველთა დიდი ნაწილის წინააღმდეგობა შეხვდა და ამიტომ ბერძნები ჩამოასახლა ალავერდში სამუშოდ. ერეკლეზე რუსეთის მაშინდელი ელჩი წერდა, ყველაზე მეტად მეფეს სურს საქართველოს ევროპეიზაციაო.

    შემდეგ იყო პირველი ქართული რესპუბლიკა, რომელმაც გახსნა უნივერსიტეტი, ზუსტად ჩემსავით აგზავნიდა უცხოეთში ქართველებს სასწავლებლად. უამრავი თანამედროვე სკოლა გახსნეს, დასავლური სწავლების მეთოდებით.

    მოკლედ საქართველოს მთელი ისტორია სხვა არაფერია თუ არა ლოდინი იმპერიების ერთ დასუსტებიდან მეორემდე და იმპერიების დაშლის პერიოდში დასავლური მოდერნიზაციის მცდელობა, საკუთრივივე ხალხის ნაწილის წინააღმდეგობის გადალახვით. დემოკრატიის პირობებში წინააღმდეგობის გადალახვა ხდება დარწმუნებით.

    მე მომიწია ნაწილობრივ მუშაობა ერთ ასეთ პერიოდში და ვაპირებ მუშაობას შემდეგ პერიოდში უკრაინის გამარჯვების შემდეგაც. ხოლო ქართველებს ზოგადად მინდა მივმართო - ნუ ელოდებით გულზე ხელდაკრეფილი უკრაინის გამარჯვებას, რომ მერე უკრაინელებმა და დასავლეთმა გაგათავისუფლოთ. იმიტომ რომ შეიძლება უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენთვის მაინც ვერავინ მოიცალოს და აღმოვჩნდეთ მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ ესპანეთის როლში, რომელსაც ჰიტლერის დამარცხების შემდეგაც მრავალი ათწლეული მართავდა ფრანკოს ფაშისტური დიქტატურა.

    მხოლოდ წინააღმდეგობის რევოლუციური ორგანიზაციის მიგვაღწევინებს სასურველ შედეგს - ჩვენს სწრაფი ვესტერნიზაციის და განვითარების გზაზე დაბრუნებას. ახლა სრულიად უაზრო კამათებია - უნდა შევიდეთ არჩევნებში, არ უნდა შევიდეთ. არჩევნები ჯერ უნდა მოვიპოვოთ და ამისთვის საჭიროა ფართო წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა. საფრანგეთი 1944 წელს გაათავისუფლეს მოკავშირეებმა, მაგრამ მისი შემდგომი დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას საფუძველი სწორედ საფრანგეთის შიდა წინააღმდეგობის მოძრაობამ Resistance-მა მისცა დე გოლის თაოსნობით.

    როგორც გენიალური უკრაინელი ტარას შევჩენკო წერდა „იბრძოლეთ და დაამარცხებთ!“

    ეს მარტო უკრაინას არ ეხება, პირდაპირ ეხებათ ქართველებსაც,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.