ბრმა უნდა იყო, ან უარესი რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკის გატარება - გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ბრმა უნდა იყო, ან უარესი რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რაც ფაქტიურად ფართო მასშტაბიან მიგრაციულ ექსპანსიაში გადაიზარდა.
ამას ემატება ეკონომიკური, ფინანსური, საინფორმაციო, კულტურული და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ექსპანსია, რაც რბილი ძალით ოკუპაციის პირველი და იმპერიისთვის უაღრესად “წარმატებული” ფაზაა.
ამ დასკვნის გაკეთებას არ უნდა დიდი ექსპერტობა - საკმარისია გაიაროთ თბილისის ცენტრალური უბნების ქუჩებში, ბათუმში და ახლა უკვე რეგიონებშიც. ჩართოთ ტელევიზორები, მოუსმინოთ სახელისუფლებო და მათთან აფილირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს. გაეცნოთ რუსეთიდან უკონტროლო, დაუსაბუთებელი ფინანსური ნაკადების თუნდაც საბანკო სტატისტიკას. აღარაფერს ვამბობ “ქეშის” შემოდინებაზე.
ის, რაც კახეთში მოხდა, უბრალოდ აშიშვლებს იმ მარტივ სურათს, რომ არსებულ მოცემულობაში რუსეთის სპეც-სამსახურებს უკვე ძალიან მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი პროვოკაციის, ან თუნდაც სერიის მოწყობა, ამის “ფაშიზმად” მონათვლა და “საკუთარი მოქალაქეების დაცვის” ეგიდით ოკუპაციის ცხელ ფაზაზე გადასვლა.
გასაგებია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს თითქოს არც ჭირდებათ, ისედაც შეიტყაპუნეს ყველაფერი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს ამ ნელი მოქმედების ნაღმის ამუშავება პოლიტიკის ცივილიზებული სამყაროსკენ შემობრუნების მცდელობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა.
ამიტომ იყო იანუკოვიჩის პოლიტიკა დანაშაულებრივი.
საქართველოშიც იგივე გზას გავდივართ, როდესაც სწორედაც რომ “მშვიდობის” სახელით მტრის მიმართ ლოიალობა ხდება რეალურად ომის საფუძველი…“.