Commentary
    2026-07-29 | 17:05

    თინათინ რუხაძე კულტურის სფეროში ყველაზე ცუდი მინისტრი იყო, რომელმაც ვერ გაბედა, ხმა ამოეღო კულტურის სფეროს დასაცავად იმ რეპრესიების ფონზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ სფეროს მიმართულებით მიდის - ბერდია სიჭინავა

    თინათინ რუხაძე კულტურის სფეროში ყველაზე ცუდი მინისტრი იყო, რომელმაც ვერ გაბედა, ხმა ამოეღო კულტურის სფეროს დასაცავად იმ რეპრესიების ფონზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ სფეროს მიმართულებით მიდის - ბერდია სიჭინავა

    „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრის წასვლა მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის, რადგან, მისი შეფასებით, მას კულტურის სფეროში „არაფერი ღირებული“ არ გაუკეთებია.

    სიჭინავას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თანამდებობის დატოვებისას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითება „აპრობირებული მეთოდია“.

    მისი შეფასებით, რუხაძე მინისტრი იმ პერიოდში იყო, როდესაც ხელისუფლება კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ზეწოლას ახორციელებდა, თუმცა „კულტურის მუშაკების დასაცავად სიტყვა არ ამოუღია“.

    „ვერც მოსვლით დაამახსოვრა ამ ადამიანმა თავი ამ ქვეყანას და ვერც მისი წასვლით მოხდება რამე მნიშვნელოვანი. ეს არის პარტიულ ვერტიკალს დაქვემდებარებული ხელისუფლება, სადაც მინისტრებს პოლიტიკის განსაზღვრის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი საოპერაციო რეჟიმი არის იმ პარტიის მსახურება, რომელმაც ისინი მინისტრის პოზიციაზე წარადგინა“, – განაცხადა სიჭინავამ.

    მისივე თქმით, რუხაძეს „ერთი გულშემატკივარიც არ აღმოაჩნდა“, რომელიც კულტურის სფეროში მის საქმიანობას დადებითად შეაფასებდა.

    „ალბათ, კულტურის სფეროში ყველაზე ცუდი მინისტრი იყო, რომელმაც ვერ გაბედა, ხმა ამოეღო კულტურის სფეროს დასაცავად იმ რეპრესიების ფონზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ სფეროს მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

    ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 28 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.