ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ღია წერილით მიმართავს სახალხო დამცველს
ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ღია წერილით მიმართავს და მისგან კომპანიის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხის დაჩქარებული წესით შესწავლას ითხოვს.
როგორც წერილშია აღნიშნული, „თრიალეთმა“ მიმდინარე წლის 29 იანვარს უკვე მიმართა სახალხო დამცველს თხოვნით, შეესწავლა ხელისუფლების მხრიდან კომპანიის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული დამოკიდებულების ფაქტები.
კომპანიის განმარტებით, მაშინ სახალხო დამცველს წარედგინა არაერთი გარემოება, რომელიც, მათი შეფასებით, მიუთითებდა კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე და იმაზე, რომ ხელისუფლების ქმედებების შედეგად რეალური საფრთხე შეექმნა „თრიალეთის“ მაუწყებლობის გაგრძელებას.
ამჯერად „თრიალეთი“ სახალხო დამცველის ყურადღებას ამახვილებს ახალ გარემოებაზე, რომელიც, კომპანიის განცხადებით, დისკრიმინაციულ მიდგომასა და შერჩევით დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
წერილის თანახმად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში დებატების დროს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობენ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვთ, თუმცა ხელისუფლება მათგან არც დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდას ითხოვს და არც სანქციებს იყენებს.
„თრიალეთის“ განცხადებით, აღნიშნულის საპირისპიროდ, კომპანიის მიმართ გამოყენებულია მკაცრი აღსრულების მექანიზმი — კერძოდ, მათივე ინფორმაციით, კომპანიის ანგარიშებზე ინკასოა დადებული და სრულად იჭრება ყველა შემოსული თანხა, რაც მაუწყებლის საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.
კომპანია ასევე მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებიდან, მათი შეფასებით, იკვეთება გარემოება, რომ „რუსთავი 2“-ს დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცა, მაშინ როცა „თრიალეთის“ მიერ შემოსავლების სამსახურისთვის არაერთგზის წარდგენილი მოთხოვნები რესტრუქტურიზაციის თაობაზე ყოველ ჯერზე უარყოფილი იყო.
„თრიალეთის“ შეფასებით, ეს გარემოებები ადასტურებს, რომ სახელმწიფო სხვადასხვა მედიასაშუალების მიმართ იყენებს შერჩევით და არათანაბარ მიდგომას, რაც, მათი განცხადებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ თანასწორობის, სამართლის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების პრინციპებს.
ღია წერილში კომპანია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს ზეწოლა, მოხსნას ინკასო კომპანიის ანგარიშებიდან და „რუსთავი 2“-ის მსგავსად, „თრიალეთსაც“ მისცეს ვალის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა.
ამასთან, „თრიალეთი“ აღნიშნავს, რომ მათთვის ცნობილია — სახალხო დამცველს მსგავსი საკითხის შესწავლისთვის კანონით განსაზღვრული რამდენიმე თვის ვადა აქვს, თუმცა, კომპანიის განცხადებით, არსებული ვითარების გამო არსებობს რეალური საფრთხე, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მაუწყებელმა ფუნქციონირების გაგრძელება ვეღარ შეძლოს.
ამ მიზეზით, ტელე-რადიო კომპანია სახალხო დამცველს მოუწოდებს, საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და შესაძლო შეუქცევადი შედეგების გათვალისწინებით, საქმე დაჩქარებული წესით შეისწავლოს და, დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიმართ.
„თრიალეთი“ აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯაროდ არის აღიარებული სხვადასხვა მედიასაშუალების მიმართ არათანაბარი და შერჩევითი მიდგომა, და სახალხო დამცველს სთხოვს, გადაწყვეტილების მიღება დროულად დააჩქაროს, რათა, მათი შეფასებით, რეალობად არ იქცეს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განადგურების მცდელობა.