პოლიტიკა
    2026-10-13 | 14:27

    მყავს ორი შვილი და იმათ ვფიცებ, რომ ეს ბოროტები ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვლენ - ალუდა ღუდუშაური

    მყავს ორი შვილი და იმათ ვფიცებ, რომ ეს ბოროტები ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვლენ - ალუდა ღუდუშაური

    „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პენიტენციურ სისტემაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და წინა ხელისუფლების პერიოდთან პარალელი გაავლო. მისი განცხადებით, ადამიანის უფლებები და ღირსება ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა, მისივე შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

    „პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ციხეში ნაწამები და განადგურებული ხალხი მოდიოდა. ადამიანები ციხიდან წინ დღეს საკაცით გაჰყავდათ და სახლში მიჰყავდათ, რათა სტატისტიკურად არ ჩასთვლოდათ, რომ ციხეში იყო გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ის ხალხი არა ვართ და ვინმემ ისე არ უნდა გაიგოს, რომ თუ მაშინ ასე ხდებოდა, დღესაც უნდა ხდებოდეს“, — განაცხადა ღუდუშაურმა.

    მისი თქმით, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა ხელისუფლებისთვის პრინციპული საკითხია. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ პატიმართა უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება აუცილებელია და ადვოკატების სამართლებრივ ბრძოლას მიესალმება.

    „რომელი სულელი იტყვის, რომ დაპატიმრებულ ადამიანთან რაიმე უფლებების დარღვევაზე იყოს საუბარი და ვინმე ჭკუათმყოფელი ამბობდეს, რომ ეს არის ნორმა. მივესალმები ადვოკატების სამართლებრივ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვართ, სადაც ადამიანის უფლება და ღირსებაა. რა თქმა უნდა, არ შევდივართ იმ სიღრმეში, ვინმემ ჩაიდინა თუ არა დანაშაული — რა თქმა უნდა, ყველას უფლება უნდა იყოს დაცული“, — აღნიშნა მან.

    ღუდუშაურის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებენ. ამასთან, მან განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა ხალხის მხარდაჭერაა.

    „ყველამ კარგად გაიგოს, თუ ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, არის ერთადერთი გზა, რომელსაც ესენი ვერ დადგებიან, რადგან ეს არის ხალხის და ქვეყნის ინტერესების გზა. ამათ ეს არ აინტერესებთ და ვერ მოვლენ!

    საჯაროდ მაქვს გაკეთებული განცხადება და ახლაც ვუმეორებ: მყავს ორი შვილი და იმათ ვფიცებ, რომ ეს ბოროტები ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვლენ, რადგან ქართველი ხალხის ნება ასეთია და ეს ყველამ უნდა შეიგნოს“, — განაცხადა ღუდუშაურმა.

    დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის შიგნით ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სურვილია საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც მოქალაქეები საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანდებიან.

    „ქვეყნის საზღვრის იქეთ ყველა არის სხვა. ქვეყნის შიგნით ვართ ერთი — ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი უწმინდესის ბოლო გზაზე ერთად იდგა ერი და ბერი, ღირსეული ქართველები. ასეთი საქართველო გვინდა და ნამდვილად ეგრე იქნება“, — განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

     

    მსგავსი სტატიები