ბრიუსელში უნდა ჩამოყალიბდნენ, მხარს უჭერენ რეალურად საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, თუ საქართველოსგან ჯერ პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან - ლევან მახაშვილი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები დააზიანა.
როგორც მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები ამ პოლიტიკის წარუმატებლობის აღიარებაა.
„ეს მიდგომა და დამოკიდებულება ცხადი იყო, რომ იმთავითვე მცდარი, უსამართლო და დამაზიანებელი იყო. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების წინააღმდეგ, ევროკავშირის უმრავლესი წევრი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო“, - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის მზად იყო და მომავალშიც მზად იქნება ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დიალოგისთვის. მახაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, რომ დიალოგში ევროკავშირის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
„მანამდე კი ბრიუსელში, ალბათ, იანვრამდე, ან უფრო გვიან, უნდა ჩამოყალიბდნენ, მხარს უჭერენ რეალურად საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, თუ საქართველოსგან ჯერ პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, მახაშვილი კახეთში, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც გამოეხმაურა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერინჩინსკი გააკრიტიკა.
დეპუტატის შეფასებით, ღონისძიებაზე „დიპლომატიური საფარველის ქვეშ“ ანტისამთავრობო განწყობები გამოვლინდა. მისი თქმით, დიპლომატიისა და საქართველოს მოსახლეობის პატივისცემის გამოხატულება არ არის იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასებით, ქართველებს შეურაცხყოფას აყენებენ.
„ეს არის საჯარო დიპლომატია ან დიპლომატიური საქმიანობა?! ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვა ქართველების პატივისცემაა?! ასე ესმით ან დიპლომატია, ან ქართველების სიყვარული?! ატარებ ქართველების უძველეს ტრადიციას - რთველს ქართველების მაგინებლებთან ერთად და მერე გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ესაუბროთ ევროკავშირის მხრიდან სიყვარულზე, ან სიკეთეებზე?!“ - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, ღონისძიებიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ ის გაუხარდათ, რომ ევროკავშირის ელჩმა „კარგად იცეკვა და მოილხინა“.
„მისგან განსხვავებით, საცეკვაოდ და მოსალხენად ნამდვილად არ აქვთ საქმე მის კოლეგა ელჩებს - არც უკრაინაში და არც მოლდოვაში და იმედია, ამას ეს ადამიანი, ევროკავშირის ელჩი სათანადოდ დააფასებს“, - განაცხადა მახაშვილმა.