პარტიის აკრძალვით პენსიონერს პენსია არ გაეზრდება, პური არ გაიაფდება და ხალხის პრობლემები არ მოგვარდება - დაჯი კოვზირიძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხელისუფლება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების უგულებელყოფასა და პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვის გზის არჩევაში დაადანაშაულა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში მოქალაქეებს პენსიები, ხელფასები, სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების ფასები აწუხებთ, თუმცა ხელისუფლება ამ საკითხების მოგვარების ნაცვლად პოლიტიკური პარტიების აკრძალვით იმუქრება.
„ჩვენ ვსაუბრობთ პენსიებზე, ხელფასებზე, სურსათის ფასებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე. ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ უამრავი პრობლემა და რომელთაც თვიდან თვემდე თავიანთი ხელფასი არ ჰყოფნით. ადამიანებს სჭირდებათ არა ციფრებით მანიპულირება და ბიუჯეტის ზრდით გამოწვეული ტრაბახი, არამედ რეალური შემოსავალი, ხელმისაწვდომი ფასები და ღირსეული ცხოვრება“, — განაცხადა კოვზირიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა ფასების შემცირება და პენსიების გაზრდა. დეპუტატმა გააკრიტიკა პენსიების 25 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
„პარტიის აკრძალვით პენსიონერს პენსია არ გაეზრდება. პარტიის აკრძალვით პური არ გაიაფდება, პროდუქტებზე ფასები არ დაიწევს და ენერგომატარებლებზე ფასები არ შემცირდება. ქვეყნის პრობლემები ამით არ მოგვარდება, ხალხის პრობლემები და სიღარიბე არ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პრობლემებთან მებრძოლი ადამიანების აკრძალვა და გაჩუმება გსურთ“, — აღნიშნა მან.
კოვზირიძის განცხადებით, პარტია მოსახლეობის პრობლემებზე საუბარს, კითხვების დასმასა და ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნას გააგრძელებს.
„თქვენ პოლიტიკური ოპონენტების დამარცხების ნაცვლად აირჩიეთ პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვის გზა და ამის შეფასებას საზოგადოება და ისტორია მოახდენს. [...] ჩვენ არ ვაპირებთ ხალხის პრობლემებზე დუმილს და თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი აკრძალვით ამ პრობლემებსაც გააჩუმებთ, ძალიან ცდებით“, — განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც გადაწყვეტილებების მიმღებებს, ისე მათ მხარდამჭერებს.
„ჩვენ ამ პარლამენტში ვართ ხალხის ხმა! პენსიონერის, მოქალაქის, დაუცველი ადამიანის ხმა, დაჩაგრული ადამიანის ხმა, მრავალშვილიანი ოჯახის, იმ ადამიანების, რომლებიც ყოველდღე მაღაზიაში შედიან, მაგრამ ხელცარიელი ბრუნდებიან, რადგან მათი ჯიბე ამ გადასახადებს ვერ სწვდება. ჩვენი გაჩუმება თქვენი პრობლემების გადაწყვეტა ვერ იქნება. თქვენ თქვენი აულაგმავი და ზღვარსგადასული ქმედებებისთვის აუცილებლად აგებთ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე“, — განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.