პოლიტიკა
    2026-03-28 | 07:18

    ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიში: მოვუწოდებთ მთავრობას, დააწესოს ახალი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიის წინააღმდეგ

    ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიში: მოვუწოდებთ მთავრობას, დააწესოს ახალი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიის წინააღმდეგ

    გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს ახალი მიზნობრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების, ქართველი კლეპტოკრატებისა და იმ მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, დეზინფორმაციას ავრცელებენ.

    ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში — „დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას“.

    ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიისკენ, რომელსაც ექნება როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციალი. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, რუსეთი მტკიცედ ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ანკლავებს.

    დოკუმენტში ნათქვამია, რომ სწორედ რუსეთის ეს მისწრაფება უდევს საფუძვლად იმ დაძაბულობას, რომელმაც გამოიწვია 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი და შემდგომში 2024 წლის სადავო არჩევნები.

    ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველმა პარტიამ — „ქართულმა ოცნებამ“54%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა, მაშინ როდესაც ეგზიტპოლები ოპოზიციის დაახლოებით 10%-იან უპირატესობაზე მიუთითებდა.

    როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს, ხოლო არჩეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატების დაკავება არ ისურვეს. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ამან „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

    ანგარიშში ასევე მოყვანილია სალომე ზურაბიშვილის განმარტება, რომლის თანახმადაც, არჩევნები „საგარეო და საშინაო ინფორმაციის მანიპულირებისა და ჩარევის სამიზნე“ იყო.

    დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა „მასშტაბურ და დახვეწილ მანიპულაციურ ოპერაციას, რომელიც აშკარად რუსებითა და რუსული მეთოდებით იყო შთაგონებული და მხარდაჭერილი“.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის ხმის გვერდის ავლით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინურ კომპანიებს გადასცა და პრორუსული, ანტიდასავლური ნარატივები გაიმეორა.

    დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მმართველი პარტია ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, რისთვისაც იყენებს „არა მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის კანონებსა და მეთოდებს, არამედ მათ რიტორიკასა და პროპაგანდასაც“.

    ამ კონტექსტში ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე“, რომელიც ავალდებულებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები.

    დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია — მილიარდერი, რომელმაც ქონება 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა და 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა.

    ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი აქტიურ პოლიტიკას ფორმალურად ჩამოშორდა, თუმცა კვლავ იმეორებდა რუსულ ანტიდასავლურ ნარატივებს, მათ შორის, მოსაზრებას, თითქოს დასავლეთი საქართველოს გამოყენებას უკრაინის ომში „მეორე ფრონტის“ გასახსნელად ცდილობდა.

    დოკუმენტი ასევე იხსენებს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 2024 წლის 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, მიზეზად კი დასახელდა მისი როლი „საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ შელახვაში“.

    ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტმა 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებდა, გაეყინათ აქტივები და პირადი სანქციები დაეკისრებინათ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების, მათთან დაკავშირებული ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების ხელშემწყობი პირებისა და პროპაგანდისტების მიმართ.

    დოკუმენტის თანახმად, კომიტეტმა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სტივენ დაუტის სთხოვა განმარტება, რა დახმარებას გაუწევდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების მიმართულებით, ისევე როგორც ამას აშშ და ევროკავშირი აკეთებენ.

    ანგარიშის მიხედვით, სტივენ დაუტიმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოსთან ბრიტანეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და რომ ბრიტანეთი აფინანსებდა პროგრამებს, რომლებიც მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომას, დამოუკიდებელი მედიისა და არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

    თუმცა, დოკუმენტში ასევე მოყვანილია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, დასავლეთს რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ რეალური დახმარება არ გაუწევია.

    ანგარიშში მისი სიტყვებია ციტირებული:
    „ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია. არ არსებობდა მკაფიო სტრატეგია რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

    ამასთან, დოკუმენტი მიუთითებს, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართულებით მიმდინარე პროცესებს ეხება.

    ამ ანგარიშის დასკვნით, 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლა“ ფიქსირდება.

    როგორც ბრიტანეთის პარლამენტის დოკუმენტშია აღნიშნული, ეუთო-ს ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ თანდათანობით შეზღუდა სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და ლგბტ+ თემის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის მიღებით.

    ამავე დოკუმენტის თანახმად, ეუთო საქართველოს ხელისუფლებას 46 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის — 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების მიმართულებით.

    ანგარიშის დასასრულს კომიტეტი აცხადებს, რომ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიის გაუარესებით და აფრთხილებს, რომ მიმდინარე ტრაექტორიით ქვეყანა შესაძლოა რუსეთის გავლენის სფეროში მყარად დამკვიდრებულ ავტოკრატიად გადაიქცეს, ბელარუსის მსგავსად.

    ვგმობთ „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციის ხმის ჩახშობის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიმართულებით. ეს ქმედებები იმეორებს რუსულ სახელმძღვანელოს და მიუთითებს თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე,“ — ნათქვამია ანგარიშში.

    ამავე ტექსტში კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ბრიტანეთის მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც უკავშირდება ლეგიტიმური საპროტესტო აქციების საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას.

    ანგარიშის ბოლოს კი პირდაპირაა ნათქვამი:

    „მოვუწოდებთ მთავრობას, დააწესოს ახალი მიზნობრივი ფინანსური და სამოგზაურო სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს“, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და იმ ქართული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.“

    მსგავსი სტატიები