მსოფლიო
    2026-03-30 | 08:26

    ტრამპმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

    ტრამპმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.

    14024-ე აღმასრულებელი განკარგულება ბაიდენმა "საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალების აქტის" საფუძველზე 2021 წლის 15 აპრილს მიიღო, რის ფარგლებშიც რუსეთის მთავრობის მავნებლური საგარეო ქმედებების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

    დოკუმენტი რუსეთთან დაკავშირებული პირების, კომპანიებისა და ეკონომიკური სექტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საშუალებას იძლევა, მათ შორის, აქტივების გაყინვებითა და სხვა სახის ფინანსური შეზღუდვების მეშვეობით. 

    ამავე განკარგულების საფუძველზე სანქცირებულია ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. 

    თეთრი სახლის მიერ კონგრესისთვის გადაცემულ წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან "აშშ-სა და მის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირგამომთხრელი საქმიანობა; ბოროტი კიბერხელშეწყობით ჩადენილ ქმედებებში ჩართულობა და მათი ხელშეწყობა; უცხოურ მთავრობებზე გავლენის მოსახდენად ტრანსნაციონალური კორუფციის ხელშეწყობა და გამოყენება; დისიდენტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ექსტრატერიტორიული ქმედებების ჩადენა; აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებსა და რეგიონებში უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა და საერთაშორისო სამართლის კარგად დამკვიდრებული პრინციპების დარღვევა, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, კვლავ უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას." 

    "შესაბამისად, განვსაზღვრე, რომ საჭიროა, 14024-ე აღმასრულებელ განკარგულებაში რუსეთის ფედერაციის მთავრობის მავნებლურ უცხოურ ქმედებებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება". - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

    ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა ტრამპის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ლავროვის ჩიოდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯების გაუქმების ნაცვლად ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომები მიიღო. უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად კი ლავროვმა სწორედ 14024-ე აღმასრულებელი განკარგულება დაასახელა.

    წყარო