რეგიონები
    2026-03-30 | 10:18

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე თავად გაბაიძემ განაცხადა.

    „მსურს, განვაცხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ბევრისთვის ეს ფაქტი უკვე ცნობილია პრაქტიკულად, თუმცა სამართლებრივი პროცედურაა, რომ ეს განცხადება უნდა გაკეთდეს. ვაფიქსირებ ჩემს ამ პოზიციას.

    გადადგომის განცხადებასთან ერთად მინდა, მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ გუნდს. სამი მოწვევის განმავლობაში არასრული 10 წელი ვხელმძღვანელობდი ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციას, ვემსახურე ხალხს, როგორც შემეძლო. ძალები არ დამიზოგავს. მადლობა მინდა ვუთხრა განსაკუთრებით პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს.

    აქ სიტყვა „კლანი“ არ არის ის ტერმინი, რომელიც უნდა გამოვიყენო. თორნიკე რიჟვაძის მოსვლამდე ვიყავი თავმჯდომარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არა მგონია სწორი იყოს.

    ამ ეტაპისათვის, ბუნებრივია რაღაც პერიოდი უმაღლეს საბჭოში მომიწევს ყოფნა, ჩვენი გუნდიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაქვს რაღაც გადაწყვეტილებები და ეს კონსულტაციები ოჯახთან უნდა გავიარო.

    ჩემი შემცვლელი შეიძლება იყოს უმრავლესობის ნებისმიერი წევრი. ყველა ღირსეულია, გუნდმა უნდა გააკეთოს, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, თუკი ეს ცოტნე ანანიძე იქნება, მივესალმები მის კანდიდატურას“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

    დავით გაბაიძე 2016 წლიდან, ზედიზედ სამი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო.