დავით ნარმანია განმარტავს, რატომ გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში,- ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის - 4-6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდში, დაკორექტირდა და დამტკიცდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა ძალიან დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა. უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის წყვეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები“,
- განაცხადა ნარმანიამ.
ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.