ბართლომეოსი საქართველოს ეკლესიის კონტროლს ცდილობს - რუსეთის საგარეო დაზვერვა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი მსოფლიო მართლმადიდებლობის გაყოფისკენ მიმართულ ხაზს აგრძელებს და ამჯერად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარ გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობს.
როგორც უწყების პრესბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, ბართლომეოსი, მათი მტკიცებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი ვითარების გამოყენებას გეგმავს და საპატრიარქოს ხელმძღვანელის პოსტზე ისეთი წარმომადგენლის დაწინაურებას ცდილობს, რომელიც მის დასაყრდენად იქცევა.
СВР-ის ცნობით, ამ როლისთვის შესაძლო კანდიდატებად განიხილებიან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ბართლომეოსი საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში ერევა და ამით, მათი შეფასებით, არღვევს II მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონს, რომლის მიხედვითაც, „სამხარეო ეპისკოპოსებმა თავიანთი ძალაუფლება თავიანთი ოლქის ფარგლებს გარეთ არსებულ ეკლესიებზე არ უნდა გაავრცელონ“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მსგავსად მოქმედებდა უკრაინის, სერბეთისა და ბალტიის ქვეყნების შემთხვევაშიც.