პოლიტიკა
    2026-03-31 | 11:06

    რამდენი მშობელი გაუშვით ამ შენობიდან ატირებული?! - ტატა ხვედელიანი

    რამდენი მშობელი გაუშვით ამ შენობიდან ატირებული?! - ტატა ხვედელიანი

    ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ხელისუფლება განათლების რეფორმას დაჩქარებული წესით ატარებს და გადაწყვეტილებებს სათანადო კვლევისა და გააზრების გარეშე იღებს.

    აღნიშნული განცხადება ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დაჩქარებული წესით განიხილეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ინიციატივის მიხედვით, პირველ კლასში რეგისტრაციის უფლება მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც 6 წლის ასაკს 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევენ. შესაბამისი ნორმა კანონში გამონაკლისის სახით აისახება.

    ხვედელიანის თქმით, აღნიშნული ცვლილება იმ მშობლების ბრძოლის შედეგია, რომლებმაც საკუთარი შვილების მომავლისთვის იბრძოლეს.

    „დღეს მადლობა ეკუთვნით ამ ბავშვების დედებს, რომლებმაც იბრძოლეს საკუთარი შვილების მომავლისთვის და მიაღწიეს შედეგს“, - განაცხადა დეპუტატმა.

    მისი შეფასებით, მმართველი გუნდისთვის განათლებასთან დაკავშირებული საკითხების „მიფუჩეჩება“, დაჩქარებულად და გაუაზრებლად დაკანონება უკვე ჩვეული პრაქტიკაა.

    როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, გამონაკლისის წესით ცვლილების მიღება სწორედ იმით არის განპირობებული, რომ რეფორმა, მისი თქმით, არც ერთ კვლევას არ ეფუძნება.

    „ეს არ არის გააზრებული ნაბიჯი, არ გიფიქრიათ არც რისკებზე და არც შედეგებზე. რეფორმის განხილვისას ბევრჯერ გკითხეთ, დაგესახელებინათ ექსპერტები, რომლებიც ამ რეფორმის შემუშავებაში იყვნენ ჩართული, ბევრჯერ მოგიწოდეთ მოგეტანათ კვლევები, რომლებსაც ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ რეფორმაშია. თუმცა არც ჩვენს კითხვებზე გქონდათ პასუხები და არც რაიმე სახის კვლევა თუ დასკვნა წარგიდგენიათ“, - განაცხადა მან.

    დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ მოუწიათ მშობლებს ბრძოლა იმისთვის, რომ მათი შვილებისთვის სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელი გამხდარიყო.

    „იმის შემდეგ, რაც განათლების კომიტეტმა უარი უთხრა მშობლებს ამ გამონაკლისის გაკეთებაზე, მათ კიდევ მოუწიათ ქუჩაში დგომა და ბრძოლა საკუთარი შვილების მომავლისთვის. რამდენი მშობელი გაუშვით ამ შენობიდან ატირებული?!“, - აღნიშნა ხვედელიანმა.

    მისივე განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი ბავშვების რაოდენობა 8 000-მდეა და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სკოლისთვის მზად იყვნენ, რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ.

    ტატა ხვედელიანმა თავის გამოსვლაში სხვა სოციალური და საგანმანათლებლო პრობლემებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში დედებს არაერთ საკითხზე უწევთ ბრძოლა - იქნება ეს შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა თუ განათლებაზე წვდომა.

    დეპუტატმა ასევე ისაუბრა ნაძალადევის რაიონში არსებული საგანმანათლებლო პრობლემების შესახებ და განაცხადა, რომ ბავშვები ხელისუფლებისგან შეპირებულ მეთოთხმეტე სკოლას კვლავ ელოდებიან.

    „ბავშვები ითხოვენ თქვენგან დაპირებულ მეთოთხმეტე სკოლას, რომელიც თქვენ დახურეთ, შეჰპირდით მათ, რომ მალე აუშენებდით თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობას და მეხუთე წელია ვერ ააშენეთ. ამის მიზეზი კი კორუფციაა“, - განაცხადა ხვედელიანმა.

    მისი თქმით, იგივე პრობლემა ეხება საბავშვო ბაღების მშენებლობასაც, სადაც, როგორც აღნიშნა, გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტებზე თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც დააკავეს.

    ხვედელიანის განცხადებით, მიუხედავად კრიტიკისა, ფრაქცია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

    „დღეს ამ კანონპროექტს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება იმისთვის, რომ ამით მაინც შევძლოთ იმ შედეგების შემსუბუქება, რასაც განათლების ეგრეთწოდებული თქვენი რეფორმა მოიტანს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    მსგავსი სტატიები