პოლიტიკა
    2026-05-13 | 13:07

    ბატონი კობახიძის მოწოდებით შექმნილი ფასების კომისია აღმოჩნდა მორიგი ბიუროკრატიული ფარსი, მან კიდევ ერთხელ მოატყუა და დასცინა საკუთარ მოსახლეობას - დაჯი კოვზირიძე

    ბატონი კობახიძის მოწოდებით შექმნილი ფასების კომისია აღმოჩნდა მორიგი ბიუროკრატიული ფარსი, მან კიდევ ერთხელ მოატყუა და დასცინა საკუთარ მოსახლეობას - დაჯი კოვზირიძე

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ დაჯი კოვზირიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფასების კომისია „ბიუროკრატიული ფარსი“ აღმოჩნდა და მოსახლეობისთვის ფასების შემცირების ნაცვლად პროდუქტები, ელექტროენერგია, საწვავი და მედიკამენტები კიდევ უფრო გაძვირდა.

    “ბატონი კობახიძის მოწოდებით შექმნილი ფასების კომისია აღმოჩნდა მორიგი ბიუროკრატიული ფარსი. მან კიდევ ერთხელ მოატყუა და დასცინა საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ღარიბ ამომრჩეველს”, - განაცხადა კოვზირიძემ.

    როგორც კოვზირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებამ საზოგადოებას პირველი მაისიდან ფასების კლებას დაჰპირდა, თუმცა, მისი თქმით, რეალურად ბაზარზე პროდუქტების ფასები საშუალოდ 10-15%-ით გაიზარდა, ელექტროენერგია კი 30%-ით გაძვირდა.

    დეპუტატის შეფასებით, „ფასების კომისია“ ეკონომიკური რეფორმა არ ყოფილა და ის „პოლიტიკურ გადალაგებასა“ და „ბიზნესთან გავლენების გადანაწილებას“ ემსახურებოდა.

    „კომისიამ ხალხისთვის არ იმუშავა - კომისიამ იმუშავა „ოცნებისთვის“, შიგნით ბიზნესების და ხალხის ფულის გადასანაწილებლად“, - განაცხადა კოვზირიძემ.

    მისივე თქმით, ქვეყანაში იზრდება ფინანსური წნეხი, ჯარიმები და საბანკო ვალდებულებები, მაშინ როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მდიდრდებიან.

    კოვზირიძემ ასევე ისაუბრა სოციალურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ოფიციალურად არსებული 750 000 სოციალურად დაუცველის გარდა, რეალურად ქვეყანაში მილიონზე მეტი მოქალაქეა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში. მისი თქმით, 370-ლარიანი პენსია პენსიონერებს მედიკამენტებისთვისაც არ ჰყოფნით.

    დეპუტატმა ხელისუფლება კორუფციასა და სახელმწიფო რესურსების არაეფექტიან ხარჯვაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი „არაპრიორიტეტულ პროექტებს, ნეპოტიზმსა და ჩინოვნიკების ფუფუნებას“ ხმარდება.

    კოვზირიძემ ხელისუფლებას პენსიების 200 ლარით გაზრდისა და მინიმალური ხელფასის 1050 ლარის ოდენობით განსაზღვრისკენ მოუწოდა.

    “ვინაიდან თქვენ ფასები ვერ შეამცირეთ, თქვენი პასუხისმგებლობა კიდევ მეტად იზრდება და განმეორებით მოგიწოდებთ:

    გაზარდეთ პენსიები 200 ლარით. ეს არის აუცილებლობა და სახელმწიფოს ვალდებულება. პენსიონერი აღარ უნდა იყოს ღატაკი;

    დააწესეთ მინიმალური ხელფასის ზღვარი 1050 ლარის ოდენობით. ჩვენმა მოქალაქეებმა აღარ უნდა იმუშაონ მთელი თვე 600-700 ლარად;

    გაატარეთ რეალური და ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკა და კარგად მოძებნეთ კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს ოქროს ზოდები სახლში და ბოლოს შეწყვიტეთ ღარიბი ხალხის ძარცვა!“ - განაცხადა დეპუტატმა.