პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს ოთარ ჩახუნაშვილს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ოთარ ჩახუნაშვილმა პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ოთარ ჩახუნაშვილი სამსახურის დირექტორად პრემიერ-მინისტრის ბრძანებით პირველი მაისიდან დაინიშნა. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ოთარ ჩახუნაშვილი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს. ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი.