პოლიტიკა
    2026-04-01 | 09:05

    ლევან მახაშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ „ცისარტყელა ოპოზიციად“

    ლევან მახაშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ „ცისარტყელა ოპოზიციად“

    პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, „ოპოზიციური ალიანსი“ საზოგადოებას კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს არ სთავაზობს და ამის ნაცვლად, ახალი სახელებითა და ფორმატებით საზოგადოების დაბნევას ცდილობს.

    როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია მუდმივად იცვლის ფორმასა და სახელწოდებებს.

    „ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად - ყოველ დღე, ყოველ წამს, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე,“ - განაცხადა მახაშვილმა.

    მისი თქმით, საზოგადოებას „ახალი, ლამაზი სახელები“ და „ცისარტყელას ფერები“ არ აინტერესებს და მათთვის მთავარი კონკრეტულ პრობლემებზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზებაა.

    „არ აინტერესებს ქვეყანას ეს ახალი, ლამაზი სახელები, ისეთი კრეატიული თემები და ცისარტყელას ფერები. თუ რამე აინტერესებს მოსახლეობას, არის კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზება. ამის ნაცვლად ისევ რაღაც ახალი სახელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას,“ - აღნიშნა მან.

    მახაშვილი ასევე გამოეხმაურა „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციას და განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ფონზე, ამ თარიღზე აქცენტის გაკეთება მისთვის გასაკვირი არ არის.

    მისივე შეფასებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ფინალური აქტები“ წინასწარვე აჩენს საზოგადოებრივი დაპირისპირების რისკებს.

    „ძალიან საინტერესოა ისევ [აქციის] ისეთ ღონისძიებებზე დამთხვევა, მათი ე.წ. ფინალური აქტების, რომელიც წინასწარ იკითხება, რომ მოიცავს საზოგადოებრივი დაპირისპირების საკითხებს. მე არ მიკვირს 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება. კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოებაში დაყოფას და შუღლის გაღვივებას და როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, აგერ ვინ არიან მთავარი ავტორები პოლარიზაციის, ამითაც კარგად ჩანს,“ - განაცხადა მახაშვილმა.

    ამასთან, მახაშვილის თქმით, პრობლემა ოპოზიციის მრავალფეროვნებაში კი არა, იმაშია, რომ ისინი ერთსა და იმავე საკითხებზე ტრიალებენ და საზოგადოებას რეალურ გამოსავალს ვერ სთავაზობენ.

    „მრავალფეროვნება კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის, რომ ერთი და იგივე წრეზე, ერთი და იგივე პრობლემის გარშემო ტრიალებენ. საზოგადოებას, სახელი, გვარები და ფერები კი არ აინტერესებს, საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტულ პრობლემაზე გამოსავალი,“ - აღნიშნა მან.

    მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას არსებული პრობლემების ნაცვლად, დამატებით სირთულეებს უქმნის.

    „ამ გამოსავლის ნაცვლად, ესენი საზოგადოებას პრობლემებს უმატებენ ზემოდან. ეს არის პრობლემა, თორემ დაირქვან რა სახელიც უნდათ - პირიქით, იტრიალონ ერთსა და იმავე წრეზე, ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური ხელისუფლებისთვის, ეს მისაღებია, პირიქით კარგია, იმიტომ რომ საზოგადოება ხედავს რა არასერიოზულ ძალაზე გვაქვს საუბარი,“ - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

    ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი „დიდი ხალხმრავალი აქცია“ იქნება.