უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები ეკლესიისა და წმინდა სინოდის საქმიანობაში ერევიან - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოური დაფინანსების მქონე „პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები“ ეკლესიისა და წმინდა სინოდის საქმიანობაში ერევიან და კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება, ვინ ცდილობს ეკლესიის საქმეებში ჩარევას.
„ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია, არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში, მათ შორის იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც წინ აქვს წმინდა სინოდს. ასევე განვაცხადეთ, რომ ძალიან დეტალურად დავაკვირდებით, ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, უცხოური დაფინანსების მქონე მედიასაშუალებები და ონლაინგამოცემები სინოდის საქმიანობაში პირდაპირ ერევიან.
„ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები – „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“ – პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ. ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ამას აკეთებენ ასევე ონლაინგამოცემები – „პუბლიკა“, „ნეტგაზეთი“ და სხვა“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის თქმით, მსგავსი მეთოდები, მისი შეფასებით, 2024 წლის არჩევნების პერიოდშიც ჩანდა, ხოლო ამჯერად, „დიდი ალბათობით“, ევროპული დაფინანსების მქონე ორგანიზაციები საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ.
„დღეს ვხედავთ, დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეში ჩარევას. ჩვენ ამას დეტალურად ვაკვირდებით. ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, უნდა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი აღირიცხება და ყველაფერზე რეაგირება გვექნება“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, მიზანია, ქვეყანაში არსებული ინსტიტუტები გარე გავლენებს დაექვემდებაროს, ხოლო ამჟამად ამის სამიზნე ქართული ეკლესიაა.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა „მამუკა ხაზარაძისა და მისი ტელევიზიის“ მხრიდან, მისი თქმით, ეკლესიისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.
„ვხედავთ, რომ მთელი საარჩევნო კამპანია აქვთ გაშლილი მამუკა ხაზარაძეს და მის ტელევიზიას იმისთვის, რომ სხვადასხვა სასულიერო პირებისა და ეკლესიის დისკრედიტაცია მოახდინონ. ვნახეთ, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, გლოვის პერიოდში, მამუკა ხაზარაძის ტელევიზიას ჰქონდა ანტიეკლესიური კამპანია გაჩაღებული, მათ შორის გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ეკლესიის საქმიანობაში უცხოურ ჩარევას.