საზოგადოება
    2026-04-03 | 12:12

    სახალხო დამცველმა ჩუღურეთში მდებარე ორი უფასო სასადილო მოინახულა

    სახალხო დამცველმა ჩუღურეთში მდებარე ორი უფასო სასადილო მოინახულა

    საქართველოს სახალხო დამცველმა ჩუღურეთის რაიონში მდებარე ორი უფასო სასადილო მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეფასდა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, კვების რაციონი და ბენეფიციართა მომსახურების ხარისხი, ასევე გაიმართა საუბარი სასადილოებით მოსარგებლე პირებთან.

    სახალხო დამცველის განცხადებით, ადგილზე კვლავ გამოიკვეთა უფასო სასადილოებში არსებული სისტემური პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და მენიუს კალორაჟის მიმართულებით. ამასთან, დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ბენეფიციართა ნაწილს სასადილოდან მხოლოდ პური მიჰქონდა.

    ომბუდსმენის ცნობით, სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაზე ზედამხედველობა მისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, სახალხო დამცველი პერიოდულად სწავლობს უფასო სასადილოებში არსებულ მდგომარეობას და წლების განმავლობაში საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში მიუთითებს ამ სფეროში არსებულ სერიოზულ სისტემურ გამოწვევებზე.

    მათ შორის დასახელებულია უფასო სასადილოების სერვისის მართვისა და მომსახურების ხარისხის ერთიანი სტანდარტის არარსებობა, რაციონისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსის სიმწირე, ასევე, რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით თბილისში, საკვების წაღებაზე უარის თქმა და მხოლოდ პურის აღების ტენდენცია, რაც, ომბუდსმენის შეფასებით, საკვების ხარისხით უკმაყოფილებას უკავშირდება.

    სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, აღნიშნული პრობლემები, არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ მოუგვარებელია და მათზე ყურადღება გამახვილებულია 2025 წლის ანგარიშშიც — „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, რომელიც პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა.

    უფასო სასადილოებში არსებული პრობლემების სიმწვავე, ომბუდსმენის შეფასებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2 აპრილს გავრცელებულმა ინფორმაციამაც. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შესაბამისი კომპანიები 2024-2026 წლებში ყოველდღიურად 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ, ნაკისრ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდნენ და სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას — 3 529 000 ლარს — თაღლითურად დაეუფლნენ.

    სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე მიუთითებს. ომბუდსმენის შეფასებით, მნიშვნელოვანია უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დროული დამტკიცება, რაც მოიცავს მომსახურების მართვას, მენიუს კალორაჟს, კვების ხარისხს, უსაფრთხოებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

    ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი კვების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია სათანადო კონტროლისა და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების ამოქმედება.