საზოგადოება
    2026-04-03 | 14:34

    განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

    განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ,  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ  განაცხადა, რომ შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება.

    მისი თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი რთულია და საჭიროებს ყველა ეტაპის მაქსიმალურ სიზუსტესა და გამჭვირვალობას.

    „შემდეგი სინოდის სხდომა გაიმართება 24 აპრილს... ეს პროცესი, რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება, არ არის მარტივი პროცესი. გვესმის, რომ იქ ხმები უნდა დაითვალოს, მით უმეტეს გაფართოებულ სხდომაზე, ბევრი დელეგატი იქნება და ყველაფერი მოწესრიგებულად უნდა იყოს. არც ერთ საფეხურზე არ უნდა დარჩეს ორაზროვნება,“ - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

    მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა განათლების თემასთან დაკავშირებით, თუმცა სასულიერო სემინარიის მოთხოვნა ძალაში რჩება.

    „განათლების თემასთან დაკავშირებით რაღაც ასეთი განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად,“ - აღნიშნა მან.

    რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ჯაღმაიძის განმარტებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე არ მიუღიათ.

    „ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა... არ გამოიკვეთა, ვთქვათ, როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რაც „არა უმეტეს 70 წლისა“ არის აღნიშნული. შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც 3 კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა,“ - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.