აბუჩად გვიგდებენ, ასე იყო სულ და ასეც იქნება: სუსტებს ერჩიან, ძლიერებს ერიდებიან - ალეკო ელისაშვილი
საპატიმროდან ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გახსოვთ, ალბათ, ერთი თვის წინ ირანში ომის დაწყებისთანავე, აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს ირანელებმა დრონი რომ ესროლეს. იმავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია და თქვა ირანი ამ ფაქტის გამო ან ბოდიშს მოიხდის ან ჩვენი რკინის მუშტი მოხვდებათო. ირანმა შეცდომა მოგვივიდა და მეტი აღარ განმეორდებაო. ეს იმიტომ თქვეს, რომ იციან - აზერბაიჯანს მართლაც აქვს „რკინის მუშტი“ - თანამედროვედ შეიარაღებული და აღჭურვილი არმია.
ახლა ვნახოთ ჩვენთან რა ხდება - რამდენიმე დღეა საქართველოში ირანის ელჩი შარიანი ძველი ბიჭივით დადის და თითს გვიქნევს მთელ ქვეყანას. „ჭკვიანად იყავით ქართველები, თორემ შარში გაეხვევითო“ - პირდაპირი ტექსტით გვემუქრება. და რა არის საქართველოს სათავეში მოკალათებულების რეაქცია? უშიშროების საბჭოს ვერ მოიწვევს კობახიძე იმიტომ, რომ ოცნებამ ეს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა რამდენიმე წლის წინ გააუქმა. რკინის მუშტით ვერავის დაემუქრება - იმიტომ რომ არანაირი მუშტი არ გვაქვს.
14 წლის მანძილზე ოცნებამ მიზანმიმართულად დაასუსტა ქართული ჯარი და ის უბრალოდ სოციალურ პროექტად აქცია. 2012 წლიდან დღემდე არ მომხდარა მნიშვნელოვანი შეიარაღების არც შესყიდვა და არც უკვე არსებულის მოდერნიზაცია. მაგალითად, საქართველოს არ გააჩნია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რამდენიმედონიანი სისტემა, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ცა არის ღია და დაუცველი.
2012 წლიდან დღემდე შსს-ის ბიუჯეტი უფრო დიდია ვიდრე თავდაცვის. ივანიშვილი აფინანსებს უხვად პოლიციას, მაგრამ არ აფინანსებს ჯარს. პოლიცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჭირდება. ჯარს საერთოდ გააუქმებდა, ბევრი ადამიანი რომ არ იყოს დასაქმებული და სოციალური ბუნტის რომ არ ეშინოდეს. შესაბამისად, გვყავს კარგად გაწვრთნილი, დისციპლინირებული, მაგრამ შეუიარაღებული და ხელცარიელი ჯარი. ეს ძალიან დაწვრილებით იცის ირანის ელჩმაც და ამიტომ გვიბედავს ამდენს. აზერბაიჯანს ბოდიშებს უხდიან, ჩვენ აბუჩად გვიგდებენ. ასე იყო სულ და ასეც იქნება: სუსტებს ერჩიან, ძლიერებს ერიდებიან“.