პოლიტიკა
    2026-04-06 | 05:23

    საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა

    საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა

    საქართველოს დღეს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

    მათივე ცნობით, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

    საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

    საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი არიან.