პოლიტიკა
    2026-07-03 | 08:28

    მიხეილ ყაველაშვილის ირანში გამგზავრება აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს - თენგიზ შარმანაშვილი

    მიხეილ ყაველაშვილის ირანში გამგზავრება აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს - თენგიზ შარმანაშვილი

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრება აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს.

    შარმანაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონის კრიტიკულ განცხადებას და აღნიშნა, რომ თუ ირანში ჩასვლა ვინმეს „ამერიკის მტრად“ აქცევს, მაშინ ასეთივე შეფასება უნდა გავრცელდეს სხვა ქვეყნების ლიდერებზეც.

    „ჯო უილსონმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ვინც იქ ჩავა, ამერიკის მტერია? მაშინ, ამერიკის განსაკუთრებული მტრების სია დაწერეთ – სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, განსაკუთრებული მტრები არიან. შეგიძლიათ, საქართველოც მიაწეროთ. სულელ ადამიანზე ნუღარ მელაპარაკებით. იქ ვინც ჩავა, ყველა თუ ამერიკის მტერია, ამერიკამ განაცხადოს, რომ რაც ჩამოგითვალეთ, ყველა აშშ-ის მტერია.

    ჩვენ არავის ველოდებით, ნაბიჯებს ვდგამთ და ამერიკასთან გადატვირთვა მოხდება. არიქა, ხვალ დილით ეს თუ არ იქნება, ასე აგენტურა ფიქრობს, უცხოეთიდან თუ ვინმე არ შეეხმიანა, შეიძლება, გაგიჟდნენ. ჩვენს საქმეს მიზანმიმართულად ვაკეთებთ. ყველაფერი იმ დროს მოხდება, როცა შესაძლებელი იქნება.

    ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ვინც შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ირანში ის ხალხი ჩადის. ეს აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

    ჩვენ მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ, თუ საჭირო იქნება, მომავალშიც არ დავიხევთ უკან. ამის შესახებ აშშ-მა იცოდა და ის ნაბიჯები მას შემდეგ გადმოიდგა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნამყოფი იყო სამძიმარზე სხვა შემთხვევაში. აქ რომ საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახიან, ასე არ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას გეგმავენ აშშ-ში. იქ უფრო ცოტა სერიოზული ხალხია, ვიდრე ესენი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

    ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე დიდი მოძულეები იკრიბებიან.

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.