პოლიტიკა
    2026-04-06 | 12:43

    ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს - ირაკლი კობახიძე

    ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს - ირაკლი კობახიძე

    დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მანვე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

     „უპირველეს ყოვლისა, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ილჰამ ალიევს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ის გახლავთ საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მისი საქართველოში ჩამობრძანება არის განსაკუთრებული პატივი თითოეული ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ საქართველოში და განვიხილოთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესები. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენი სამძიმრისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პირადად თქვენი და აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან გამოხატული თანაგრძნობისთვის. ჩვენ ამ მხარდაჭერას განსაკუთრებულად ვაფასებთ.

     ჩვენს ხალხებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი, განსაკუთრებული ისტორიული მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და ამ ურთიერთობების ლოგიკური გამოხატულება არის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა, ჩვენი ურთიერთობები, მეგობრობა დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. ამ ყველაფერში განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევასა და ჩართულობას, ბატონო პრეზიდენტო. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო დელეგაციების წევრებს, ჩვენს მინისტრებს, მთავრობების წარმომადგენლებს, ჩვენს ელჩებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოსთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს.  ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.