პოლიტიკა
    2026-04-14 | 11:43

    მე არასდროს მითქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, დიახაც, გვაქვს გეგმა და პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას - შოთა ბერეკაშვილი

    მე არასდროს მითქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, დიახაც, გვაქვს გეგმა და პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას - შოთა ბერეკაშვილი

    სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ ტატა ხვედელიანის განცხადებებს უპასუხა.

    ბერეკაშვილის თქმით, კომისიას არასდროს უთქვამს, რომ ფასების შემცირება შეუძლებელია და აუცილებელია მისი მუშაობისადმი პატივისცემა.

    მისივე განმარტებით, კომისიამ 80-ზე მეტი კომპანია შეისწავლა, მათ შორის წარმოებები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელები. ასევე გაანალიზდა მათი ბიზნესპროცესები, საოპერაციო ხარჯები, ფინანსური მდგომარეობა და კაპიტალის სტრუქტურა.

    ბერეკაშვილის განცხადებით, შესწავლილია ევროპის რამდენიმე ქვეყნის — მათ შორის რუმინეთის, უნგრეთის, საბერძნეთის, ხორვატიისა და საფრანგეთის — გამოცდილება ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მისი თქმით, კომისიას უკვე აქვს გეგმა, რომელიც მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც სექტორის კონკურენტუნარიანობასა და ეფექტიანობას გაზრდის.

    მისივე თქმით, იგეგმება სექტორის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური დისციპლინა. ბერეკაშვილის განცხადებით, აღნიშნული სექტორი საქართველოს ეკონომიკის 20%-ზე მეტს შეადგენს და მისი გამართული ფუნქციონირება მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

    კომისიის თავმჯდომარემ კოლეგებს პროცესში უფრო აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.

    ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყურადღება სურსათის ფასების ზრდაზე გაამახვილა.

    „ტრაგიკომედიურ ფასების შემსწავლელ კომისიაზე თქვენმა ერთ-ერთმა წევრმა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ოფიციალურად მილიონერია, განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამციროთ, მაგრამ თურმე, კარგად იცით, როგორ გაზარდოთ ეკონომიკა თვიდან თვემდე რამდენიმე პროცენტით. უკაცრავად და ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას, თქვენივე სააღდგომო სუფრებისთვის? ხალხს აინტერესებს, სად არის გაზრდილი ეკონომიკის შედეგები? თუ პროდუქტების ფასმა მოიმატა, ელექტროენერგია გაძვირდა, საწვავის და მედიკამენტების ფასმა მოიმატა, მანქანების განბაჟების ფასები გაძვირდა, სად ხედავს სარგებელს საქართველოს მოქალაქე გაზრდილი ეკონომიკით? ან სად მიდის ეს გაზრდილი ეკონომიკა?“ – განაცხადა ხვედელიანმა.