პოლიტიკა
    2026-04-23 | 08:55

    ჰერჩინსკიმ პირდაპირ ისაუბრა დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს, სახელმწიფოს … თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და თავის „ხუშტურებზე“ გვატაროს, ასე ვერ იქნება  - კახა კალაძე

    ჰერჩინსკიმ პირდაპირ ისაუბრა დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს, სახელმწიფოს … თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და თავის „ხუშტურებზე“ გვატაროს, ასე ვერ იქნება  - კახა კალაძე

    ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო, საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება.

    როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც სჭირდება პარტნიორები და არა ბატონები.

    „ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო – საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება. საქართველოს არაფრისგან გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და თავის „ხუშტურებზე“ გვატაროს, ასე ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და არა ბატონები, რომლებიც თითს დაგვიქნევენ. თითი დაუქნიონ მას, ვისაც აქამდე უქნევდნენ. ჩვენთან ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება პრინციპული პოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

    ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

    მსგავსი სტატიები