ჰერჩინსკის განცხადება არის პირდაპირი მუქარა, ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ტრაგიკულია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ხალხს ემუქრება.
„მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, განვითარდება ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით. ეს მეორე მიმართულება, მისი შეხედულებით, არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება. როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს უბრალოდ შეფასებასაც კი არ იმსახურებს, ეს მართლა ტრაგიკულია. ელჩი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ან ერთი, და ამას უწოდებს ევროკავშირის გზას, ან მეორე – სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ამით ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს. მას რომ არ შეუძლია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არის ამისთვის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვერ გადაფარავთ სხვა განცხადებებით ამ უმძიმეს განცხადებას, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მიმართ, მუქარა სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. ესაა უმარტივესი ლოგიკური განმარტება, როდესაც ასე აყენებ საკითხს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ქვეყნის ბედი ერთი ან მეორე მიმართულებით, რაც არის სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ჯერ ჩაეკითხეთ, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა აქამდე. ჰერჩინსკის როგორ მიჰყავს ქვეყანა აქამდე. ერთხელ ხომ სცადა, ორჯერ ხომ სცადა, ხუთჯერ ხომ სცადა.
ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა ოთხი წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი საპარლამენტო არჩევნების წინ გამოდიოდა და ქართველ ხალხს მოუწოდებდა „ნაცების“ დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა, მობილიზდითო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში „ნაცებიო“. პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ის პირდაპირ, თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9-წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება. ტრაგიკულია, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და უმატებს იმას, რომ ქართველ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.
ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.