მიხეილ სარჯველაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - რა წამს გაჩნდება სარწმუნო ცნობები, სრულფასოვანი მედიკამენტი, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას
შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და გადაწყვეტილების მიღებისთვის ბაზა, ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტი, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას. თუ ევროპული სახელმწიფოები იპოვიან პასუხებს ამ კითხვებზე, მერწმუნეთ, მათაც იციან ეს საკითხები კარგად, მათაც აღელვებთ და არც ისინი აყენებენ სიძვირეს პირველხარისხოვან საკითხად, ეს ტალღასავით გადაუვლის, მთელს ევროპას და მათ შორის საქართველოც შეძლებს მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, ცდება თუ ვინმეს ჰგონია, რომ არ მესმის, როცა ინტერნეტში ნახავთ დაფინანსებული ექიმის სტატიას, რომელიც ხოტბას ასხამს რომელიმე ამ მედიკამენტს ან რომელიმე ორგანიზაციის ქებას მოისმენთ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი, მართალი. აქვე საჯაროდაც შემიძლია ყველას ვუთხრა, რომ ვისაც ობიექტურად და გულწრფელად აქვს კითხვები საკითხის რეალურად შესწავლის სურვილი და არა ემოციებით მანიპულირების სურვილი, შემიძლია შევხვდე სამინისტროში და პირადადაც მივაწოდო პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და გადაწყვეტილების მიღებისთვის ბაზა, ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და კარგი იქნება, რომ მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით. მათთვის კარი არასდროს დაგვიხურავს სამინისტროში და ახლაც იქნება ეს კარი ღია. ყოველთვის ეს კარი იქნება ღია. თუმცა მათ ამ კარშიც შემოსვლამდე სამინისტრო უწყვეტად გააგრძელებს ამ თემებზე მუშაობას. სამინისტროში არაერთი ადამიანია, რომელიც პირადად ჩართულია ამ საკითხების მოწესრიგებაში, შესწავლაში“,- განაცხადა სარჯველაძემ.