მსოფლიო
    2026-05-01 | 07:42

    ვენეციის ბიენალეს ჟიური პრესტიჟული საგამოფენო ღონისძიების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა

    ვენეციის ბიენალეს ჟიური პრესტიჟული საგამოფენო ღონისძიების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა

    ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ვენეციის ბიენალეს ჟიური პრესტიჟული საგამოფენო ღონისძიების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა. გადაწყვეტილება რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ დაძაბულობას უკავშირდება, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად მონაწილეობს.

    ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

    მოკლე განცხადებაში ჟიურიმ აღნიშნა, რომ მოქმედებს საკუთარი წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად და არ განიხილავს პრიზებისთვის იმ ქვეყნებს, „რომელთა ლიდერებსაც ამჟამად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ ბრალი“, რაც გულისხმობს რუსეთსა და ისრაელს.

    ვენეციის ბიენალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებას აერთიანებს და წარმოდგენილია ათობით ეროვნული პავილიონი.

    იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობის დაშვება „მთავრობისთვის გაზიარებული გადაწყვეტილება არ არის“, თუმცა დასძინა, რომ ბიენალე ავტონომიური ინსტიტუციაა და მის პრეზიდენტს მაღალი კომპეტენცია აქვს.

    ბოლო კვირების განმავლობაში ბიენალე არაერთი დაპირისპირების ცენტრში მოექცა. ჟიურის გადადგომის შესახებ განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც იტალიის კულტურის სამინისტროს დელეგაცია ვენეციას ეწვია რუსეთის პავილიონის გახსნის საკითხის შესასწავლად. მანამდე მინისტრმა ბიენალეს ბოიკოტიც დააანონსა.

    აპრილის დასაწყისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის დაბრუნების გამო ბიენალესთვის გათვალისწინებულ ორ მილიონ ევროს გრანტს აუქმებს, რასაც „მორალურად მიუღებლად“ აფასებს იმ ფონზე, როცა მოსკოვი უკრაინული კულტურის „წაშლას ცდილობს“.

    ბიენალეს ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ღონისძიება ყველასთვის ღიაა და „გამორიცხავს ნებისმიერი ფორმის გამორიცხვასა და ცენზურას“. მათი განმარტებით, რუსეთის გამორიცხვა ტექნიკურადაც შეუძლებელია, რადგან ქვეყანას საკუთარი პავილიონი ეკუთვნის.

    2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პავილიონის კურატორმა და მონაწილე არტისტებმა ვლადიმერ პუტინისა და მისი აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მონაწილეობაზე უარი თქვეს და პავილიონი ცარიელი დარჩა. 2024 წელს სივრცე ბოლივიას გადაეცა.

    სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული, მას ომის დანაშაულებში ადანაშაულებს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ორდერს „აღმაშფოთებელს“ უწოდებს.

    რუსეთისთვის ვენეციის ბიენალეზე დაბრუნება მნიშვნელოვანი იმიჯური სარგებელია და მისი საერთაშორისო „ნორმალიზაციის“ მცდელობის ნაწილად განიხილება, მაშინ როცა უკრაინაში ომი ყოველდღიურად მსხვერპლს იწვევს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განადგურებულია არაერთი უკრაინული მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, გაძარცვულია ხელოვნების ნიმუშები და დაღუპულია ასობით არტისტი.

    იტალიის კულტურის სამინისტრო ასევე იკვლევს, არღვევს თუ არა რუსეთის დაბრუნება სანქციებს.

    წლევანდელ ბიენალეზე რუსეთის გუნდი გეგმავდა ხმის პერფორმანსის – „The Tree is Rooted in the Sky“ – წარმოდგენას, თუმცა მედიის ინფორმაციით, საჯარო წვდომა შესაძლოა შეიზღუდოს.

    ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის პრიზების მინიჭების გამორიცხვა „ხელოვნების სამყაროს პოლიტიზებას“ წარმოადგენს.

    2024 წელს საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა დაკავების ორდერები ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, რაც, მოსამართლეების შეფასებით, უკავშირდება სავარაუდო ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს „ჰამასთან“ ომის დროს. ისრაელი ბრალდებებს უარყოფს.

    ვენეციის ბიენალეს ჟიური 9 მაისს უნდა დაესახელებინა გამარჯვებულები, თუმცა ცერემონია გაუქმდა. ორგანიზატორების განცხადებით, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ თავად მისცენ ხმა მათთვის სასურველ პავილიონებს.