ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნა
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება.
წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.
სამიტს 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა, კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ქვეყნების ლიდერები.
ერევანში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ გახსნეს.