პოლიტიკა
    2026-05-04 | 13:05

    ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ - მიხეილ სააკაშვილი

    ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ - მიხეილ სააკაშვილი

    ივანიშვილმა 2013 წელს გამოგვიცხადა, რომ მისთვის მისაბაძი იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა. ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  განაცხადა.

    მან სასამართლო პროცესზე, ვიდრე 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებებს გამოიკვლევდნენ, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც, სხდომათა დარბაზი დატოვა.

    „რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ. პირველად შეფრინდნენ უკრაინის დრონები მოსკოვის ტერიტორიაზე, მათ შორის, ცენტრალურ ტერიტორიაზე. უკვე მესამე თვეა, რუსეთის არმია უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს უკრაინაში, ვიდრე იღებს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი, ეს იმას ნიშნავს, რომ დამთავრებულია მაგათი სიმღერა. რუსეთმა 10 მილიარდი დოლარი დაკარგა დარტყმების შედეგად.

    კავკასიის ისტორიაში დღეს მნიშვნელოვანი დღეა. მთელი ევროპელი ლიდერები ჩამოვიდნენ კავკასიაში პირველად, ოღონდ იქ კი არა, სადაც ტრადიციული ცენტრი იყო, ყველამ იცის რომ ეს არის თბილისი, მაგრამ ჩამოვიდნენ ერევანში. ივანიშვილმა 2013 წელს გამოგვიცხადა, რომ მისთვის მისაბაძი იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა.

    ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ. ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი თბილისში ჩამოვიდოდა.

    ამას წინათ, ერთმა პოლიტიკოსმა თქვა სააკაშვილს წარსულის ტრავმები აწუხებსო, წარსულის ტრავმები აწუხებს სწორედ იმას, ვისაც წარსულზე ლაპარაკი არ შეუძლია და ამას თავს არიდებს. მე კი ვამაყობ ჩვენი წარსულით.

    სულ ამას ტირაჟირებენ, 2008 წელს საქართველომ წააგო ომი და საქართველომ დათმო ტერიტორიები, სააკაშვილმა გაუფორმა 20%-იო, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო.

    ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომელსაც ვაწვებოდი, რომ ხელი მომეწერა, რომ ჩვენი ტერიტორიების სტატუსი ღიად დამეტოვებინა, პუტინი და სარკოზი ერთად მაწვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მომკლავდნენ, სარკოზი მეუბნებოდა პუტინის გადმოცემულს, თუკი ამას ხელს არ მოვაწერდი, ჩვენ ამას ხელი არ მოვაწერეთ. ხელი მოვაწერეთ ძალიან კარგ შეთანხმებას, რომლითაც რუსეთს ჯარი უნდა გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ ეს არ შეასრულეს, იმის გამო, რომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ივანიშვილის რეჟიმს მიეცა საშუალება საერთოდ აღარ ილაპარაკოს იმ ხელშეკრულების შესრულებაზე და პირიქით, აქეთ დაგვადანაშაულოს რაღაც მითიური ტერიტორიების დათმობაზე.

    სინამდვილეში 2008 წელს რუსეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა",- განაცხადა სააკაშვილმა.