სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება მხოლოდ ხუთი პოლიციელის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებით არ მიიღწევა - „ამნესტი ინტერნეიშენალი“
საქართველოში 2024 წელს ანტისამთავრობო აქციებზე სამი პირის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით ხუთი სამართალდამცველის დაკავებისა და ბრალის წარდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ამნესტი ინტერნეიშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი გამოეხმაურა.
„პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ 2024 წლიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობისას ძალის ფართომასშტაბიანი ბოროტად გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ხუთი სამართალდამცველის დაკავებით არ შეიძლება დასრულდეს, მით უმეტეს — 17 თვის დაგვიანებით. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ დააფიქსირა უკანონო ძალის გამოყენების, სავარაუდო წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის, ასევე მძიმე დაზიანებების — მათ შორის მოტეხილობების — ათობით შემთხვევა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ. მსგავსი მოპყრობის შესახებ ასობით დემონსტრანტმა განაცხადა. სამართლიანობა ნიშნავს ყველა ამ შემთხვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მხოლოდ ეს ხუთი დაკავება ვერ ცვლის საქართველოში დაუსჯელობის ფართო სურათს, ასევე იმ ფაქტს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით საქმე კვლავ ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება.
გენერალური პროკურორის გამოძიება უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვისაც შესაძლოა პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს, მათ შორის მათზე, ვინც ბრძანებები გასცა და ვინც ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მოვალეობა ვერ შეასრულა. აუცილებელია პასუხისმგებლობა დადგეს მთელი სამეთაურო ჯაჭვის ფარგლებში და პოლიციის უკანონო ქმედებების ყველა გახმაურებულ შემთხვევაზე“,- განაცხადა დენის კრივოშეევმა.
ცნობისთვის, 2026 წლის 7 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულია ხუთი მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველი. ხუთივეს ბრალად ედება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება“. ერთ-ერთ მათგანს დამატებით ედება ბრალი „ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლაში, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია“. აღნიშნული ბრალდებები ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განცხადებას წინ უძღოდა ტელეკომპანია TV Formula-ს საგამოძიებო სიუჟეტი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით დაასახელა გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელი. იმ დროს გურამ როგავა „ფორმულას“ ჟურნალისტი იყო და 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციების გაშუქებისას გაუსწორდნენ.
Amnesty International-მა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი აქციების დროს საქართველოს პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად იყენებდა რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს. სხვა პირები სცემეს და დაექვემდებარნენ ისეთ ძალადობას, რომელიც წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის დარღვევას უტოლდება, მათ შორის პოლიციის მანქანებში, რომლებსაც „წამების ფურგონებს“ უწოდებდნენ. 300-ზე მეტმა დაკავებულმა მძიმე ფიზიკურ ძალადობაზე განაცხადა, ხოლო 80-ზე მეტს ტვინის შერყევის, მოტეხილობებისა და ძვლების დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. არაერთი დაკავებული გადაიყვანეს უცნობ ადგილებში, მათ არ ჰქონდათ წვდომა ადვოკატებსა და ოჯახის წევრებთან, ასევე უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებასა და გადაუდებელ ოპერაციებზე.